04 მარტი 2021,   10:31
ვრცლად
ევროპარლამენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციას კენჭი უყარა - დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

ევროპარლამენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციას კენჭი უყარა. დოკუმენტში მკაფიო გზავნილები იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სადაც რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

იმ ფაქტს, რომ მსგავს რეზონანსულ დოკუმენტში ევროპარლამენტის მხრიდან ყურადღება საქართველოზეც არის გამახვილებული, თბილისში დადებითად აფასებენ.

უმრავლესობის განცხადებით, ამ გზავნილებით ქართულმა მხარემ დასავლელი პარტნიორების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

"ის ფაქტი, რომ საქართველოს შესახებ ჩანაწერი ამ ანგარიშში ხვდება და რა თქმა უნდა, იმ ჩანაწერით, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირისთვის ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი. ეს არის კიდევ ერთი დაფიქსირება იმ ფაქტისა, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ამ მიმართულებით არსებობს ძალიან დიდი განსხვავება და არსებობს დაპირისპირება. ამ საკითხზე ისინი ვერასოდეს ვერ შეთანხმდებიან ერთმანეთში,“ - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. 

დღის ამბები