08 მარტი 2021,   23:32
ვრცლად
საზღვრის დადგენაში არ ვმონაწილეობდი, რა ტერიტორიაც ჩამბარდა არცერთი სანტიმეტრით არ გადმოწეულა - ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ბადრი ბიწაძის განცხადებით, ის ხელმძღვანელობდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, რომელიც დადგენილ საზღვარს იცავს და თავად საზღვრის დადგენის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

გარდა ამისა, ბიწაძის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადმოწეულა.

"მე საზღვრის დაცვას ვხელმძღვანელობდი და დადგენილ საზღვარს. ჩვენი კომპეტენცია საზღვრის დადგენა არ არის. მე კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა არ მიმიღია. მე 2004 წლის მარტში როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ არავითარი ცვლილება არ მომხდარა, არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა საზღვარი არც იქით, არც ჩვენკენ. ეს ყველა 2008 წლის ნოემბრამდე, შემდგომში ვერ მოგახსენებთ," - განაცხადა ბიწაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძე გამოკითხა. სავარაუდოდ, სწორედ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ახსენებს ამ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი იმ ჩანაწერში, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილის და ნატალია ილოჩავას საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.

დღის ამბები