08 მარტი 2021,   22:43
ვრცლად
დღეს გავრცელებული მასალებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არ გააჩნია - ოპოზიცია გარეჯის საქმეზე

გენერალური პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე დღეს გამოქვეყნებულ ვიდეო-აუდიო მასალების გამოქვეყნებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. ლიდერების განცხადებით, დღეს გავრცელებული მასალებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს.

​"ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება აღნიშნულ საქმეზე და რომ ეს საქმე არის მთლიანად შეკერილი პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ. ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურ შურისძიებას პატიოსანი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ. ისინი ამბობენ, რომ ეს მოხდა სასამართლოს განჩინების მიხედვით, თუმცა დარწმუნებული ვარ არანაირი სასამართლო განჩინება არ არსებობდა, მხოლოდ პოსტფაქტუმ იქნება ამგვარი განჩინება მოპოვებული, თუ ის საერთოდ ბუნებაში არსებობს, რაც თავისთავად არის დანაშაული," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, დავით გარეჯის საქმე შეთითხნილი და პოლიტიკურ პიარზე ორიენტირებულია.

"ვიდეო ჩანაწერი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორი შეთითხნილია ეს საქმე და პოლიტიკურ პიარზეა ორიენტირებული, იმიტომ რომ ამ ჩანაწერში აბსოლუტური სიზუსტით მეორდება ის პოზიცია, რაც აქვს ივერი მელაშვილს და აქ ჩვენ ვისმენთ მოლაპარაკების ტაქტიკაზე, რა იქნება საუკეთესო საქართველოსთვის მოლაპარაკების ტაქტიკა. ჰგონიათ, რომ რაღაც ვიდეო ჩანაწერს, რომ გამოაქვეყნებენ, ეს ავტომატურად რაღაც შთაბეჭდილებას  მოახდენს, მაგრამ ეს კიდევ უფრო ასუსტებს რეალურად ბრალდების მხარეს," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

"ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ გაუგებარია საერთოდ საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერი. მისი შეფასებით, დავით გარეჯის საქმე პოლიტიკურად დაგეგმილი საქმეა.

პარტია მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, არასწორია, რომ ჯოხი მეცნიერებზე ტყდება.

"რაც ვნახეთ, იქ განსაკუთრებული სამშობლოს ღალატი ნამდვილად ვერ დავინახეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ ზემოდან, საიდანღაც ვიღაც მითითებებს იძლეოდა და ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. მაგრამ ჯოხის გადატეხვა მაშინაც მიგვაჩნდა და ახლაც, უბრალო მეცნიერ ხალხზე, რომელიც არაფერს არ წყვეტს, მიწა-წყალი ვის გადაეცეს და ვის არა, არასწორად მიგვაჩნია," - აღნიშნა პარტია "მოქალაქეების" წევრმა ალეკო ელისაშვილმა.  

 

 

დღის ამბები