06 მარტი 2021,   14:26
ვრცლად
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ის ვაქცინა შემოვა, რომელსაც ჯანმოს ავტორიზაცია ექნება - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ის ვაქცინა შემოვა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნება.

"ჩვენი გუნდის მთავარ პრიორიტეტს ისევ წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომიტეტის საქმიანობას. ვფიქრობ, ეს პროცესი კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავა. ღონისძიებების გატარების გზაზე მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, შევამციროთ კოვიდ 19-ით გამოწვეული ზიანი, ასევე გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები.

ამ კუთხით მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად შემოტანა. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღვნიშნო, ქვეყანაში შემოვა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმა უკვე შედგენილია. ჩვენ ამ გეგმას მივყვებით. ქვეყანა თანამშრომლობს ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ შექმნილ კოვაქს პლატფორმასთან, რაც არის საშუალება, რომ ქვეყნებმა ითანამშრომლონ ვაქცინის მიმწოდებელ კომპანიებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის შემოტანის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანზე აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგებლობა, თუ დაშვებული შეცდომა არ იქნება განპირობებული ექიმის, კლინიკის, მწარმოებლის ან იმპორტიორის მიერ. ასეთი მოთხოვნა წაყენებულია პლატფორმაზე მწარმოებელი ქვეყნების მიერ. ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენ პროცესს არ ჩამოვრჩეთ და რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, ჩვენ ეს საკანონმდებლო უზრუნველყოფა უნდა მოვახდინოთ,"- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები