04 მარტი 2021,   23:05
ვრცლად
ნიკა მელიას არ ეტყობა, რომ შეუძლია წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თბილისში დამოუკიდებელი წარმომადგენელი არ გააჩნია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს.

იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ამ წუთის მოცემულობით, არც ნიკა მელიას ეტყობა, რომ მას შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ნებას წინ აღუდგეს.

"ჩვენ ბევრი კონსულტაციები გვქონდა, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მე არ დამრჩენია წარმოდგენა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თბილისში ჰყავს დამოუკიდებელი წარმომადგენელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს. ნიკა მელია იყო და ჯერჯერობით, კიდევ არის ნომინალურად ადამიანი, რომლის ყველაზე მეტი იმედი მქონდა და მაქვს ამისი, მაგრამ რასაც ვუყურებ, ნიკა მელიას არ ეტყობა ამ წუთის მოცემულობით, რომ მას შეუძლია წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას იმიტომ, რომ ძალიან ცალსახაა, რომ ახალმოსული თავმჯდომარე მთავარი ოპოზიციური პარტიის, რომლისგანაც ჯერ საკუთარი თანაპარტიელები ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას, ვინც არიან პარლამენტის წევრები, ასევე 500 000 მხარდამჭერი, რომელიც პარტიას ჰყავს.

ჩვენ დღეს ვნახეთ NDI-ის გამოკითხვები, რომელიც ამბობს, რომ 80% და 65% ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტში შესვლას უჭერს მხარს. ამას უგულებელყოფს და ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები ამ უხერხული სიტუაციიდან გამოიყვანოს და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა როგორც დიდი პარტიის თავმჯდომარემ, ამის ნაცვლად, მიყვება იმ დინებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ დიდი ხნის წინ ითქვა, რომ  არაფერზე არ წავიდეთ კონსტრუქციულ მოლაპარაკებაზე, გავაკეთოთ სრული დესტრუქცია და ახლა 500 000 კაცის სახელით "ნაციონალური მოძრაობა" ახდენს დესტრუქციას, ისევე როგორც "ქართული ოცნება" ახდენს დესტრუქციას.

მე კი არ მიკვირდა, ამ ხალხს მე ვიცნობ აქამდე, მე უბრალოდ, გამიკვირდა შედარებით ახალგაზრდა პატარა პარტიების. "ლელოსიც" არ მიკვირს. ამ სიგიჟეში როგორ შეიძლება, გასაგებია, რომ ჩვენც გვიწევს გაყოლა იმ თვალსაზრისით, რომ პარლამენტი თუ არ იქნება ის ვერც ერთი, ვერც მე ვერ შევალ, მაგრამ შეიძლება ახლა ნორმალური პარტია იძახდეს, რომ ამ სიტუაციის მერე რაც ხდება, ფასილიტატორებთან და მათი დამოკიდებულება ვიცით, დღევანდელი გამოკითხვის მერე ვიძახდეთ, რომ პარლამენტში არ უნდა შევდიოდეთ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები