06 მარტი 2021,   02:48
ვრცლად
"ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით" - დეკანოზი თადეოზი შენდობის წერილს ავრცელებს

დეკანოზი თადეოზი, რომლის ქადაგება სკანდალის მიზეზი გახდა, შენდობის წერილს ავრცელებს.

წერილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა. აქვე აღნიშნულია, რომ წერილი მოწოდებულია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიერ.

"მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან," - ნათქვამია განცხადებაში.

24 იანვარს, საკვირაო ქადაგებისას სასულიერო პირმა მორწმუნეებს უთხრა, რომ უმჯობესია, ადამიანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალოს, ვიდრე მომავალში "უმოქმედო, ან პარაზიტი გახდეს".

დეკანოზმა, ასევე, ქურდულ მენტალიტეტზე დადებით კონტექსტში ისაუბრა - მღვდელმა ძველი მეგობრები გაიხსენა და აღნიშნა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები ხშირად სამართლიანები იყვნენ. მისივე მტკიცებით, აუცილებელია ჭიათურაში არსებულმა ბიზნესმა, რომელიც მანგანუმს მოიპოვებს, მას ყოველთვიურად 1000 ევრო ხელფასის სახით გამოუყოს.

დღის ამბები