07 მარტი 2021,   06:07
ვრცლად
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია ჯარიმების გადავადების თხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართავს

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია ჯარიმების გადავადების თხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართავს. ასოციაციის წევრების განცხადებით, პანდემიამ ავტოდილერები ბევრი პრობლემის წინაშე დააყენა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების გადასახადი 2021 წლის 1 მარტამდე გადაავადა. 1 მარტის შემდეგ კი, ავტომობილების მფლობელები განუბაჟებელი მანქანების გამო 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

"2020-ის მონაცემებით განახევრდა ბაზარი, ამის გამო ძალიან მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე დადგნენ ავტოიმპორტიორები. 1000 ლარიანი ჯარიმები აქვთ და ამ ჯარიმებს ვერ იხდიან, ამიტომ ქონება დაყადაღებული აქვთ, ფაქტობრივად მანქანის გაყიდვის შესაძლებლობა ამ ადამიანებს არ ეძლევათ. ნაწილს უსახსრობის გამო ჩამოყვანილი მანქანები გასარემონტებელი აქვთ და ვერ არემონტებს. საბაჟო ტერმინალზე ადგილები არ არის იმისთვის, რომ მანქანები შეიყვანო და დაასაწყობო და თუ არ დაასაწყობეს, კიდევ დამატებითი ჯარიმებია," - განაცხადა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წევრმა ალექსანდრე ონიაძემ.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელის თქმით, ავტოიმპორტიორები ჯარიმების გადახდას ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლებენ.

"ასოციაციამ დააორგანიზა, რომ შეხვედროდნენ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი და ჩვენი ავტოიმპორტიორები, რომლებიც ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგანაც ჩვენ 1 მარტს 1000 ლარიანი ჯარიმები გვაქვს გადასახდელი, რისი საშუალებაც რეალურად არ გაგვაჩნია," - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

დღის ამბები