18 აპრილი 2021,   22:36
ვრცლად
მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი ხშირ შემთხვევაში მოძალადის დაუსჯელობას იწვევს - გოგა ხატიაშვილი კანონმდებლობის ხარვეზებზე

უფლებადამცველი და ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში გოგა ხატიაშვილის თქმით, ძალადობის მსხვერპლისგან სამართალდამცავი სისტემა მტკიცებულებების წარდგენას არ უნდა ითხოვდეს. გოგა ხატიაშვილის განცხადებით, როდესაც დაზარალებული თავად მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, სახელმწიფო ვალდებულია მასთან ერთად შეაგროვოს მტკიცებულებები.

უფლებადამცველი ამბობს რომ, სქესობრივი დანაშაულებები ისეთ ჩაკეტილ სივრცეებში ხდება, რომ ამას ხშირ შემთხვევაში თვითმხილველები არ ჰყავს, რაც შემდგომში მოძალადეების დაუსჯელობას იწვევს.

"პრობლემა არის როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში და არსებული კანონმდებლობა ამას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს, თუმცა პრობლემები მხოლოდ კანონმდებლობის მოგვარებით არ გვარდება, იმიტომ, რომ სახელმწიფო დაზარალებულისგან ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს და ბუნებრივია, რომ სქესობრივი დანაშაულები ხდება ისეთ ლოკალურ, ჩაკეტილ სივრცეში, მას ბუნებრივია ხშირად თვითმხილველი ვერ ეყოლება, რომ ასეთ დროს არ შეიძლება შევუსაბამოთ და დავაწესოთ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც ხშირ შემთხვევაში შემდგომში მოძალადეების დაუსჯელობასაც იწვევს.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ზედმეტი ტვირთი არ უნდა დავაკისროთ დაზარალებულს და მას არ უნდა მოვთხოვოთ მტკიცებულებების წარმოდგენა. ის როდესაც მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, სახელმწიფოა ვალდებული, რომ დაზარალებულთან ერთად ეს მტკიცებულებები თავად შეაგროვოს," - განაცხადა გოგა ხატიაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები