23 აპრილი 2021,   14:41
ვრცლად
ჩანაწერების მოპოვების კანონიერების საკითხის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების ვალდებულება ეკისრებათ - EMC ფარულ ჩანაწერებზე

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სიუჟეტში გასული მასალა შეიცავს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით.

EMC-ის განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერები დემოკრატიული სისტემის რღვევის უმძიმეს პრაქტიკას ავლენს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, სამწუხაროდ ამ დრომდე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები და გადაწყვეტილებები მომხდარის გამოძიებისა და ჯეროვანი და პასუხისმგებლიანი განმარტების მცდელობასაც კი არ აჩვენებს.

"სამწუხაროდ სავარაუდო დანაშაულში ჩართული პირების თანამდებობრივი პოზიციების, ასევე ჩვენი პოლიტიკური სისტემის არაფორმალური ბუნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილების ოჯახის ჭარბი გავლენების გათვალისწინებით, არსებული ჩანაწერების კანონიერებისა და რაც ყველაზე მთავარია, მათი შესაძლო დანაშაულებრივი შინაარსის გამოძიების მოლოდინი დაბალია. ამასთან აღნიშნული აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მართვის არაფორმალურ, არადემოკრატიულ პრაქტიკას და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის უკიდურესად მძიმე ფორმებს.

ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გასულ აუდიო ჩანაწერებში ფიგურირებენ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, აგრეთვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი. პირველადი დაკვირვებით ჩანაწერების ნაწილი მაინც იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა აღნიშნულ პირებს მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ და სწორედ ამ მანდატით მოქმედებდნენ.

აუდიო-ჩანაწერი ერთი შეხედვით უკანონოდ არის მოპოვებული, თუმცა, მასში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. სწორედ ამიტომ ის საზოგადოებრივი და მედია ინტერესის საგანი გახდა და ის დროულ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. ცხადია, რომ ამ პირობებში მედიას მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამოქვეყნების პროფესიული ვალდებულება ჰქონდა და ეს მედიის მხრიდან ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლის პრინციპულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩანაწერებში საუბარი არაა კონკრეტული პირების პირად ცხოვრებაზე, რომელიც ცალკე დაცვის ინტერესი შეიძლება გამხდარიყო.

როგორც აღინიშნა, ჩანაწერში გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე, კერძოდ, ძალადობის, მუქარის, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებზე, სადაც შესაძლოა ფიგურირებდნენ მაღალი თანამდებობის პირები. შესაბამისად, ჩანაწერების მოპოვების კანონიერების საკითხის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების ვალდებულება ეკისრებათ. ცხადია, ჩანაწერის ავთენტურობა, მისი ჩაწერის დრო და კონტექსტიც სწორედ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს. თუმცა, სამწუხაროდ აშკარაა, რომ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, უკიდურესად დაბალია ნდობა და მოლოდინი, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული. ეს მდგომარეობა უკვე თავისთავად მიანიშნებს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების უგულებელყოფაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების უკიდურესად შემაშფოთებელ რეალობაზე.

სამწუხაროდ, ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოება და მათი შინაარსით საზოგადოების თუ ცალკეული პირების პოლიტიკური მანიპულირება წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკის მახასიათებლად და მახინჯ ტრადიციად იქცა. ბოლო წლებში იშვიათად თუ გავიხსენებთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას, რასაც თან არ ახლდა უკანონო ჩანაწერების გავრცელება, ან მათი გავრცელებით შანტაჟი. ჩანაწერების შინაარსი სხვადასხვა დროს, განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესზე მიუთითებდა, თუმცა მათი საერთო მახასიათებელი ისაა, რომ არც ერთი შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოძიებულა. ფარული ჩანაწერების გავრცელების სიხშირე და მასშტაბი ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების არაეფექტურობაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიტიკური ნების არქონაზე, გამოძიებულიყო მათი მოპოვებისა და გავრცელების ფაქტები.

წინა ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და გამოყენების ტოტალური პრაქტიკები მძიმედ იყო გაკრიტიკებული საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა და პოლიტიკური აქტორების მიერ. მოქმედი ხელისუფლება ამ პრაქტიკას ასევე ემიჯნებოდა, თუმცა ჩვენ მალევე ვიხილეთ არსებული ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ოპონენტებისა და მათთვის მიუღებელი ფიგურების მიმართ უკანონო აუდიო და ვიდეო ჩაწერის გამოქვეყნების პრაქტიკები და მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება. არც ერთ ამ საქმეზე ხელისუფლებას სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონია, რაც პირველ რიგში პოლიტიკური ნების არქონასა და ამ მახინჯი პრაქტიკის შეწყნარებას და პოლიტიკის წარმოების ლოგიკად ქცევის სახიფათო ნიშნებს აჩვენებს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელყოფის ნიშნები, რაც შეუძლებელს ხდის კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის გატარებას სახელმწიფოში და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას უკიდურესად აზიანებს. აღნიშნული კრიტიკა პირველ რიგში პროკურატურას უკავშირდება, რომლის მიმართაც უკვე ჩამოყალიბდა გამოცდილება და განცდა, რომ ის არ უზრუნველყოფს პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოიძიებს.

სამწუხაროდ ამ დრომდე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები და გადაწყვეტილებები მომხდარის გამოძიებისა და ჯეროვანი და პასუხისმგებლიანი განმარტების მცდელობასაც კი არ აჩვენებს.

სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოების მკვეთრი პოლიტიზირების და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიღმა მოქმედების პირობებში, მომხდარზე დამოუკიდებელი, სამართლიანი და რეალური გამოძიების მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, EMC მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაწყვეტას საჭიროებს. აგრეთვე, კრიზისის დაძლევის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაციით იმართება, ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭირვალე გამოძიების ინსტიტუციურ გარანტიებზე შეთანხმება უნდა მიიღწეს. მათ შორის, შესაძლოა შეთანხმდეს საქმის პროკურატურის განსჯადობიდან ამოღებისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის გადაწყვეტილება და ამ პროცესის დაზარალებული პირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეშ წარმართვა," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები