17 აპრილი 2021,   08:44
ვრცლად
ევროკავშირი საუკეთესო გზებით ეცადა თქვენს დახმარებას, მეგობრებო, შანსები კიდევ არის, თუმცა უნდა იჩქაროთ - გეორგი გოტევი

პოლიტიკური ექსპერტი გეორგი გოტევი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ არსებული კრიზისი რუსეთის ინტერესებშია.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ კრიზისის განმუხტვისა და მოლაპარაკებისთვის შანსები ჯერ კიდევ არის, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. 

"ბევრისთვის ბრიუსელში და, მათ შორის, ჩემთვისაც, საქართველო არის პროევროპული ქვეყანა, რომელიც ისევე ახლოა ევროკავშირთან, ინტეგრაციის პროცესში, როგორც წევრობის ოფიციალური კანდიდატი ბალკანეთის ქვეყნები. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მოკლე პერიოდში დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ამიტომაც, იქნება ძალიან სამწუხარო, თუკი ქვეყანაში იქნება უკუსვლა. უცნაურია, რატომ არის ეს ვითარება ახლა. არსებული მდგომარეობა ხელს აძლევს ვლადიმერ პუტინს.

საქართველო უფრო ფართო სურათის ნაწილია, ქართველი ხალხი ქვეყნის შიგნით ამას უკეთ უნდა გრძნობდეს. ამერიკაში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, რუსეთთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო გართულდა, ამიტომაც, პოლიტიკოსები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ასეთ საკითხებს. ნათელია, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს მეტი დაახლოება ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან. რუსეთს რომ თავად ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა დასავლეთთან, ეს ასე არ იქნებოდა.
ევროკავშირი საუკეთესო გზებით ეცადა თქვენს დახმარებას, მეგობრებო, მაგრამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ეს მცდელობა ვერ გამოდგა წარმატებული. შანსები კიდევ არის, ჩემი აზრით, არაერთი შანსი, თუმცა დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა, უნდა იჩქაროთ,"-აცხადებს გეორგი გოტევი.

დღის ამბები