17 აპრილი 2021,   10:06
ვრცლად
უკრაინა MAP-ს ითხოვს - ზელენსკი რუსეთის აგრესიის შეჩერების ერთადერთ გზად NATO-ში ინტეგრაციას ასახელებს

უკრაინის აღმოსავლეთი კვლავ რუსული პროვოკაციების ეპიცენტრია. მხოლოდ დღეს წვრთნების სახელით შეფუთულ სამხედრო ოპერაციას 2 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა მაშინ, როდესაც ოკუპირებული დონბასის სიახლოვეს, 5 დასახლებულ პუნქტთან უკრაინელთა პოზიციებს რუსეთის უკანონო ფორმირებებმა შეუტიეს. 

​ბოლო 24 საათის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ადგილზე შვიდჯერ დაირღვა, მარტიდან დღემდე კი სულ დაახლოებით 250-ჯერ. დაღუპულია 10-მდე უკრაინელი სამხედრო.

უკრაინა MAP-ს ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

ვიდრე NATO-ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ფიქრობენ,იმასაც ადასტურებენ, რომ მოკავშირეები უკრაინის გვერდით არიან, რუსეთის ქმედებები მათთვის დეესკალაციის მცდელობებს უთხრის ძირს. დასავლელი ლიდერები უკრაინას ამ ეტაპზე სიტყვიერად უცხადებენ მხარდაჭერას. ასეთია მაგალითად ლონდონი, რომელმაც სკრიპალების მოწამლვის შემდეგ განსაკუთრებულად გაამკაცრა რუსეთთან საუბრის ტონი. ასეთი იყო ბრიუსელიც, ვინც 19 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შეეცდება კონკრეტული გადაჭრის გზები იპოვოს. მოკავშირეები მალე უკრაინაში სამხედრო წვრთნებშიც ჩაერთვებიან, მანამდე კი განსაკუთრებით აქტიურია აშშ, რომლის ადმინისტრაციაც კიევს უპირობო მხარდაჭერას ჰპირდება. რუსეთისგან კი განმარტებას მოითხოვს.

ვიდრე კიევი მოსკოვის სანქცირებას მოითხოვს - კიევს მინსკის შეთანხმების დარღვევაში, დასავლეთს კი უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს კრემლი. აქ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე კვლავ ირონიული და მუქარისშემცველი განცხადებები ისმის, რომლითაც კიევს იუგოსლავიური სცენარს პირდებინ. მოსკოვში განსაკუთრებით ბრაზობენ ნორმანდიის ფორმატის 2 სახელმწიფოზე, გერმანიასა და საფრანგეთზე, ვინც ლავროვის თქმით, კიევის გამოფხიზლების საქმეში არ აქტიურობს. პარიზს და ბერლინს პუტინი უკვე ესაუბრა, რომელიც მათ არწმუნებს, რომ პროვოკაციები უკრაინიდან მოდის. უკრაინული მხარის დადანაშაულების შესაძლებლობა არც ინდოეთში მყოფმა ლავროვმა გაუშვა ხელიდან.

ექსპერტები მიმდინარე მოვლენების სხვადასხვა ახსნას გვთავაზობენ, ერთის მხრივ იმას, რომ რუსეთი ამ გზით კიევის პროვოკაციებზე წამოგებას ცდილობს, ამასთანავე კი ვაშინგტონის რეაქციას ცდის. ყველასთვის ნათელია, რომ მოსკოვს შავი ზღვის რეგიონში პოზიციების გამყარების გეგმა დაძრული აქვს. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ყოფილი მინისტრი, "კურიერთან" საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ახლა რუსეთის კონკრეტული გეგმის გამოცნობა რთულია, თუმცა რეგიონში ყველა სახელმწიფომ მიმდინარე პროცესები საფრთხედ უნდა აღიქვას. დასავლეთს კი მეტი კონკრეტიკა მართებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში გადასროლილი 50 ბატალიონი და 15 000 რუსი სამხედრო მოსკოვის განმარტებით სამხედრო წვრთნებს ემსახურება, რომელიც მათი თქმით სულაც არ ძაბავს სიტუაციას რეგიონში. ამავე წვრთნების მიზეზით რუსული ჯარი საბრძოლო რეჟიმშია. მას შემდეგ რაც მარტის მიწურულს დონბასთან რუსული სამხედრო კონტინგენტის ზრდის შესახებ გახდა ცნობილი, აშშ-ის ევროპულმა სარდლობამაც უმაღლესი სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.

დღის ამბები