09 მაისი 2021,   00:23
ვრცლად
შეეცდებიან თუ არა ქართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები - რა მოლოდინია პოლიტიკურ სპექტრში

არსებული პოლიტიკური კრიზისის და 2 ჩაშლილი მედიაციის ფონზე ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში ჩამოდის, ლიეტუველი დიპლომატია. გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისს თვის ბოლოს უნდა ეწვიოს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი მიზანი ევროკავშირის შუამავლობით გამართულ დიალოგში პოზიტიური როლის შეტანა და შეთანხმებამდე მისვლაში დახმარებაა.

ლიეტუველი დიპლომატი შესაძლოა ერთადერთი არ იყოს, ვინც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროპელი დიპლომატების სამუშაო ჯგუფი სავარაუდოდ ბალტიისპირეთის ქვეყნების, შვედეთის, პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებით დაკომპლექტდებოდა, თუმცა "კურიერს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია მიაწოდეს, რომ სხვა საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება და საქართველოს რეგიონული ტურნის ფარგლებში მხოლოდ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა, რომლის ვიზიტიც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.

მოლაპარაკებებში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების პირველი დიპლომატების ჩართვას ოპოზიცია მათი სწორი ტაქტიკის შედეგს უწოდებს. ამბობენ, რომ უცხოელი დიპლომატების ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრიზისი ღრმავდება. ევროპელ სტუმრებს ელოდებიან "ქართულ ოცნებაშიც". მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების პირველი დიპლომატები არა მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციის დარწმუნებას შეეცდებიან, რომ მიდგომებს გადახედონ.

მოლაპარაკების განახლების შემთხვევაში დიალოგის შეთანხმებით დასრულებას სკეპტიკურად უყურებენ "გირჩში". ამის მიზეზად კი "ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულებას ასახელებს.

მოლაპარაკების განახლებას ელოდება ყველა მხარე. დაპაუზებული დიალოგის გაგრძელების ბედი ახლა საქართველოს მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზეა დამოკიდებული.

დღის ამბები