09 მაისი 2021,   11:45
ვრცლად
არ მოჭრა ბზა - წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ბზა გადაშენების პირასაა

კოლხური ბზა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენების პირასაა. ეს უძველესი სახეობა მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულია, რომლის არეალიც სწრაფად მცირდება. უნიკალური ქართული მცენარე მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელს ტერიტორიაზე, რაც უდიდესი დანაკლისია ეკოლოგიური თვალსაზრისით.

ბზის ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

უკანონო მოპოვების გამო მცენარეს კვალიფიკაცია შეეცვალა და საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებში გაერთიანდა. ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. მას, პათოგენური სოკოს გარდა, პრობლემას, მავნებელი - ბზის ალურაც უქმნის.

მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრასა და ამოძირკვაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

შექმნილ სიტუაციას სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებენ. მოსახლეობის ჩართულობა და ცოდნაზე დამყარებული ქმედება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული რელიქვიის გადარჩენასა და შენარჩუნებაში. 

ავტორი: ანა წიკლაური

ამავე თემაზე
დღის ამბები