16 ივნისი 2021,   17:27
ვრცლად
უკრაინის და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი, აშშ-ს ანალიტიკური წრეების დღის წესრიგში, კვლავ გააქტიურდა - რა შესაძლებლობებზე საუბრობენ "მარშალის ფონდში"

უკრაინის დედაქალაქიდან ენტონი ბლინკენის დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ვაშინგტონი განაგრძობს უკრაინის დახმარებას ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე, რათა უკრაინას ნათელი და წარმატებული მომავალი ჰქონდეს.

ასპირანტი ქვეყნების - უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემა, ამერიკის ანალიტიკურ წრეების დღის წესრიგში, კვლავ გააქტიურდა. გერმანიის მარშალის ფონდმა ნატოსა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა სავარაუდო ვარიანტები, თუ როგორ უნდა შესრულდეს, ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული შეთანხმება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.

წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოს და უკრაინას, ბუქარესტის სამიტზე მიღწეული შეთანხმებიდან 13 წლის შემდეგაც არ აქვთ. ამ თემის განხილვის დროს, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის პოზიცია პრინციპული იყო. ვიცე-პრემიერმა დეტალურად ახსნა, თუ რა საფრთხეს შეიცავს, საქართველოსა და უკრაინისთვის, "მაპის" მინიჭებაზე კონსულტაციების დაგვიანება.

"გასული 7 წლის რეალობის იგნორირებაა ის არგუმენტი, რომ თითქოს რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, თუკი ნატო ინტეგრაციას გააძლიერებს, მათ შორის მაპის მიცემასთან დაკავშირებით. უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წელს უკრაინას და საქართველოს, მაპი რუსეთის ფაქტორის გამო არ მისცეს, თუმცა ამ ნაბიჯს ჩვენი რეგიონი მეტად უსაფრთხო და სტაბილური არ გაუხდია. პირიქით, ის კარტ ბლანში აღმოჩნდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის და იანუკოვიჩის რეჟიმის დროს, უკრაინაში ძალაუფლების თანდათან მისატაცებლად.

ჩვენ ველოდებით ტრანსატლანტიკური ერთიანობის ნახვას. ერთიანობას, იმის გასაგებად, რომ რუსეთს არ ექნება არანაირი არგუმენტი, ჩაერიოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, უკრაინის და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებში ალიანსთან. ჩვენთვის მაპი ჯილდო ნამდვილად არ არის. ის რეფორმების შესასრულებელი გეგმაა," - აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა

კიევში თვლიან, რომ მაპის არმიცემა საქართველოსა და უკრაინისთვის აჩენს წარმოდგენას, რომ რუსეთს ზოგჯერ მართლაც აქვს ნატოში ხმის უფლება, როდესაც საქმე ისტორიულ გადაწყვეტილებებს ეხება. ვიცე-პრემიერის თქმით, ნატოს ახლა შეუძლია, მისი ერთიანობა, ღია კარის პოლიტიკის რეალიზებით დაამტკიცოს.

საქართველოს და უკრაინისთვის მაპის მინიჭების საკითხზე 30 წევრიან ბლოკში, რომ დღემდე უთანხმოებაა, ალიანსში არ უარყოფენ. ჯეიმს აპატურაის თქმით, ღია კარის პოლიტიკაზე თანხმდებიან, თუმცა წევრების ნაწილი შიშობს, რომ მაპი ასპირანტების უსაფრთხოებისთვის სარისკოა.

"რატომ არ ვიღებთ მაპს ახლა. მე სპეციალური წარმომადგენელიც ვარ კავკასიაში და გეტყვით, რომ წლებია საქართველოში ამ შეკითხვას მისვამენ. სვანეთის მთების ყველაზე შორეულ კაფეშიც კი ხალხმა მაპის მნიშვნელობა იცის და ამ საკითხზე მესაუბრებიან. ვიქნები პირდაპირი და ვუპასუხებ. ეს არ არის ნატოს პოლიტიკა. ნათელია, რომ მაპზე ამჟამად კონსენსუსი არ გვაქვს. ერთი მიზეზი კი თუნდაც ის არის, რომ მოკავშირეების ნაწილს წუხილი აქვს. შიშობენ, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა, როგორც მექანიზმი, უსაფრთხოების გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს. მხოლოდ წევრობას მოაქვს უსაფრთხოების გარანტია, კოლექტიური თავდაცვით. ისინი შიშობენ, რომ მაპის მინიჭება, უსაფრთხოების გარანტიის გარეშე, ასპირანტისთვის რისკის შემცველია და თვლიან, რომ პრიორიტეტი პრაქტიკულ თანამშრომლობას უნდა ჰქონდეს," - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატოს მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ალიანსს შეუძლია რუსულ ზეწოლას გაუძლოს და საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამის მაგალითად მან ნატოში მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიის შეყვანა დაასახელა. უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების სახიფათო გადაადგილების მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტი მზად არის პუტინს შეხვდეს. თუმცა ჯერ არც დრო და არც შეხვედრის ადგილია ცნობილი.

"ეს არ იქონიებს გავლენას ჩემს სურვილზე, მქონდეს პირისპირ შეხვედრა. ასევე იცით, მას ადრე იქ უფრო მეტი ჯარი ჰყავდა და გაიყვანა. ისევ არიან თავმოყრილი, თუმცა ნაკლები, ვიდრე 1 თვის წინ იყო," - აცხადებს ჯო ბაიდენი,

ჯეიმს აპატურაიმ თქვა, თუ რას უნდა ელოდონ თბილისი და კიევი ალიანსის ივნისის სამიტზე. ის დარწმუნებულია, რომ ღია კარის პოლიტიკას, ბრიუსელში, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ და  სამიტის კომუნიკეშიც ჩაიწერება.

 

დღის ამბები