13 ივნისი 2021,   14:57
ვრცლად
თუ პარლამენტში არ შევა, თავის თავს უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს - "გირჩი" ენმ-ს პარლამენტში შესვლას ურჩევს

ნიკა მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" მანდატების მფლობელებს დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან.

მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მელიას გათავისუფლება პოზიტიური შედეგია და პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

გიგა ბოკერიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პატიმრობა ხელისუფლებას პრობლემას უქმნიდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო კონტექსტში.

"ცუდია, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით ჩვენი აზრით, არახელსაყრელი შედეგი დააყენეს ჩვენმა პარტნიორებმა და ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცეს "ქართულ ოცნებას". ვიმეორებ, ნიკა მელიას პატიმრობა უზარმაზარი პრობლემა იყო "ქართული ოცნებისთვის", ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამიტომ, შეთანხმების შედეგი კი არ არის მელიას გათავისუფლება ჩემთვის, უფრო მელიას ბოიკოტის და მელიას გადაწყვეტილების შედეგი არის ის, რომ საერთოდ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები იყო, თუნდაც არასაკმარისი ჩვენთვის, მაგრამ რა შედეგიც დადგა, ეს ამის შედეგია და არა პირიქით," - ამბობს გიგა ბოკერია.

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებით დაიწყება ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით დადგა პოზიტიური შედეგი, ძალიან მნიშვნელოვანია ვითარების დეესკალაციისათვის," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

"გირჩში" კი აცხადებენ, რომ ახალა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრძოლა საპარლამენტო ტრიბუნიდან უნდა განაგრძოს. 

"მივიჩნევ, რომ, თუ პარლამენტში არ შევლენ, ეს იქნება უბრალოდ დასჯა, ნაციონალური მოძრაობა თავის თავს უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს და არ ვიცი რა მოტივით უნდა გააკეთოს ეს," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

დღის ამბები