25 ივნისი 2021,   16:44
ვრცლად
პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ საქართველოში მესამე ტალღის პერიოდში ისეთ მაღალი მაჩვენებელი არ იქნება, როგორიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, რომელიც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, არ უნდა ველოდოთ. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი, ნაწილი იმუნიზაციის შემდეგ დაემატა. სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება. ასეთი მოლოდინი გვაქვს",-აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალების შემთხვევა 2 კვირის წინ შემთხვევების მატების ეფექტია.

"გარკვეულწილად კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში არ არის ნახტომისებური მატება და საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ მდგომარეობაში, რაც, სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო. გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალებაა, რაც ასევე ეფექტია 2 კვირის წინ შემთხვევების მატების.

რაც შეეხება საწოლფონდს, მთელს საქართველოში მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, რაც შეეხება თბილისს, თბილისში გვაქვს 2823 საწოლი, რაც თითქმის ნახევარი მობილიზებული საწოლების. დღევანდელი მდგომარეობით, სულ კლინიკებში რჩება 4296 პაციენტი, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში - 890 და რეანიმაციაში 201 პაციენტია. ასევე მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები. ნიღბის ტარების მაჩვენებელი კი 75%-მდეა", - განაცხადა გაბუნიამ.

დღის ამბები