19 ივნისი 2021,   03:13
ვრცლად
საქართველომ რუსეთს გადასცა კაცი, რომელმაც ირკუტსკში სექსინდუსტრია შექმნა

საქართველოს სასამართლომ 34 წლის ალექსეი ლენივცევის რუსეთში დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. 

მას კრიმინალურ სამყაროში "კოსის" მეტსახელით იცნობენ და მიიჩნევა, რომ პირადად ხელმძღვანელობდა სექსინდუსტრიას ირკუტსკის ოლქში, სადაც ყველა სექსმუშაკი ვალდებული იყო გამომუშავებული თანხა ლენივცევისთვის მიეტანა. 

რუსული მედია წერს, რომ ალექსეი ლენივცევმა თავისი კრიმინალური იმპერიის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მან შექმნა ჯგუფი, რომელიც სულ რაღაც ერთ წელში არამარტო აკონტროლებდა ქალაქის ყველა მეძავს, არამედ არეკეტებდა რამდენიმე მსხვილ კომპანიას. 

ირკუტსკში ყველა სექსმუშაკისთვის დაწესდა ერთი ტარიფი და მეძავებს უნდა გადაეხადათ თანხები კომპენსაციის სახით – მინიმუმ 100 000 მანეთი. ჯერ კიდევ არასრულწლოვნობის პერიოდში ლენივცევი გახლდათ კრიმინალური დაჯგუფება "მახრჩობელას“ წევრი, რომელიც 2003-2004 წლებში მთელ რუსეთში ქუხდა. მისი მონაწილეობით "მახრჩობელებმა" სასტიკად აწამეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ძვირფასეულობა და მობილური მოპარეს. ამ დანაშაულისთვის ლენივცევი 17 წლის ასაკში გაასამართლეს და საპატიმროდან 2011 წელს ვადაზე ადრე გათავისუფლდა. 

მას შემდეგ, რაც ალექსეი ლენივცევის სექსინდუსტრია რუსი სამართალდამცველების ინტერესის სფეროში მოექცა, ის ქვეყნიდან გაიქცა. მასზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. ლენივცევი საქართველოში 2020 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა, თუმცა COVID-19 პანდემიის გამო ქვეყანიდან გასვლა ვეღარ შეძლო. რუსეთის თხოვნით ლენივცევი 2021 წლის 11 იანვარს ბათუმში დააკავეს. 

რამდენიმე დღის წინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ბაიკალის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დამნაშავის სამშობლოში დეპორტაციის შესახებ.

დღის ამბები