25 ივნისი 2021,   16:04
ვრცლად
ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება ისევ დაძაბულია - პოლიტიკურ აქტორებს​ დეესკალაციისაკენ მთელი მსოფლიო მოუწოდებს

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორზე საპასუხო იერიშის შედეგად, ჰამასის რვა მებრძოლია ლიკვიდირებული. პალესტინური მხარე კი 20 დაღუპულზე საუბრობს, მათ შორის 9 ბავშვია. ჰამასი მუქარას აგრძელებს და აცხადებს, რომ ქალაქზე თავდასხმებს განაგრძობს, თუ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში საცხოვრებელ შენობებზე იერიშს არ შეწყვეტს. ისრაელი თავის მხრივ ჰამასს 150 რაკეტის გასროლაში ადანაშაულებს. პალესტინასა და ისრაელს შორის ვითარების მორიგი დაძაბვა აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლებების შექმნის მცდელობას უკავშირდება, რასაც წინააღმდეგობა მოჰყვა პალესტინელების მხრიდან.

"გასულ ღამეს ღაზაში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ წითელი ხაზი გადაკვეთა, მათ იერუსალიმზე მიიტანეს იერიში, ამას ისრაელი უპასუხოდ არ დატოვებს, ჩვენ არ შევეგუებით თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, მათ მოუწევთ დიდი ფასის გადახდა. ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას, ვინც ესკალაციის გზას აირჩევს, ისრაელი თავის ძალას აჩვენებს," - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

განცხადებები გაკეთდა პალესტინის ხელისუფლებაშიც და მათ საერთაშორისო საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდეს:

"მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩაერიონ ამ საშინელ ძალადობაში და უზრუნველყონ პალესტინის მოსახლეობის უსაფრთხოება, დაიცვან ჩვენი მიწები, განსაკუთრებით იერუსალიმის ტერიტორიაზე, სადაც დღეს ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს," - განაცხადა პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მოჯამად შტაიიემ.

ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ აქტორებს მთელი მსოფლიო მოუწოდებს დეესკალაციისაკენ, თუმცა პოზიციები არის განსხვავებული, მაგალითად, თურქეთი მიიჩნევს, რომ რაც მოხდა, არის ისრაელის პოლიტიკის ბრალი. განსხვავებული მოსაზრება აქვს აშშ-ს.

განცხადება გაკეთდა გაეროში. ორგანიზაცია ორივე მხარეს მოუწოდებს კარგად გაიაზრონ თუ რა დევს სასწორზე და შესაბამისად, დეესკალაციას შეუწყონ ხელი. გაერომ დაგმო ჰამასის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული შეტევა და მეორე მხრივ, მიუღებელი უწოდა ისრაელის მთავრობის მხრიდან გამოხატვის უფლების აკრძალვას და პალესტინელების გამოსახლების პროცესს.

დღის ამბები