20 ივნისი 2021,   08:05
ვრცლად
შედის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - ნიკა მელია ადასტურებს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა

თითქმის სამთვიანი პატიმრობის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დაბრუნებულმა ნიკა მელიამ თანაგუნდელებთან შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით კონსულტაცია დაიწყო. პარტიის თავმჯდომარემ დღეს განმარტა, რომ საკანონმდებლო საქმიანობის დასაწყებად შიდა პარტიული კონსენსუსი აუცილებელია. მელიამ არც ის დამალა, რომ მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის პოზიციისა, დოკუმენტის ხელმოწერას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირეს დღეს პარტიის ოფისში შეკრებილმა სხვა ლიდერებმაც.

კიდევ ერთი თემა, რომლის განხილვასაც ნიკა მელია თანაგუნდელებთან და ოპოზიციონერ კოლეგებთან აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედება იქნება. მელია მიიჩნევს, რომ ოქტომბერში პარტიებმა ყველა საკვანძო თანამდებობაზე საერთო კანდიდატის დაყენება უნდა შეძლონ.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებას გამორიცხავს მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი პარტიების ნაწილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაა მმართველ გუნდში. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციური ძალა დესტრუქციულ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შეცვლის. 

დაიწყებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო საქმიანობას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაირკვევა.

დღის ამბები