16 ივნისი 2021,   17:59
ვრცლად
"არასამთავრობოები და ლომჯარიები ახალგაზრდების ცნობიერებას ფორმატირებას უკეთებენ" - მეუფე სპირიდონი

სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. 

ვიდეომიმართვაში სასულიერო პირი ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ გამოთქმებს იყენებს და აცხადებს, რომ  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის დაშლა  ჯავახეთის რეგიონში "ქართული გენის ამოძირკვას" და "ლგბტ პროპაგანდის" გავრცელებას ემსახურება.

"გვსურს გავაკეთოთ განცხადება ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მოვლენებთან დაკავშირებით. მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან. რაც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული რამდენიმე დღის იყო, დედა ეკლესიამ ის გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლდა არაფერი, სკოლა დაამთავრებინა და უნივერსიტეტში მოაწყო.

ჩვენ გაოცებული ვართ, რამ აიძულა და რამ შეუცვალა გონება, რომ ასე მოიქცა, თურმე ურეკავდა ლომჯარიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა მოლაპარაკება. რა შეეძლო ეკლესიას მეტი გაეკეთებინა, გაოცებული ვართ, რამ შეუცვალა გონება. ჩვენ ვთვლით და ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდებზე, მათ ცნობიერებას უცვლიან, ფორმატირებას უკეთებენ და ფაქტობრივად რა გამოდის, ყველაფერი მიიღო ბავშვმა, ეკლესიამ ყველაფერი მისცა და შეუტრიალდა და ეკლესიას მტრად გაუხდა. მახსენდება გამოთქმა, "დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას," - როგორც ჩანს ასეთი თაობის შექმნას აპირებენ ისინი და ეს ძალიან საშიშია. ერი ფეხზე უნდა დადგეს რომ ჩვენ ასეთი თაობა არ მივიღოთ.

მინდა მოგახსენოთ, რომ მიდის აქტიური პროცესი სოცმუშაკებისა, დაახლოებით 10 სოცმუშაკი იყო ყოველდღიურად, ზოგჯერ მეტიც, გაკვირვებული ვიყავით, რა საჭირო იყო ამდენი და როგორც ბავშვები ჰყვებიან აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ პანსიონი დაატოვებინონ.

რატომ სჭირდებათ, რატომ აწყობთ, ჩვენ პასუხი ცალსახად გვაქვს, პირველი ის რომ ნინოწმინდაში ქართული ელემენტი, ქართული გენი, მენტალიტეტი აღარ იყოს. თუ ეს ბავშვები იქ აღარ იქნებიან ქართული სკოლა ცხადია დაიხურება. მეორე ის, რომ არ უნდათ რომ ბავშვები ეკლესიაში იზრდებიან, მაშინ თავის იდეოლოგიას, რომელიც არის გენდერული იდეოლოგია და მასიური სოდომიზაციას თეორია, რომელიც მთელ მსოფლიოში თითქმის გაკეთებული აქვთ და უნდათ რომ საქართველოში ეს დაამკვიდრონ, ნუ იყოფინ! ნუ იყოფინ ეს ჩვენთან! ერი ფეხზე უნდა დადგეს. ჩვენ უარი ვუთხარით ლომჯარიას იმის გამო, რომ ის აქტიურ ლეგებეტე პროპაგანდას აწარმოებდა სოდომურ პროპაგანდას, ახლა შევიდა "უნისეფი" და "ვორლდ ვიჟენი", რომელიც უარესი თუ არა, უკეთესი არ არიან ლომჯარიას სამსახურზე, ესენიც ლეგებეტე პროპაგანდისტები არიან მსოფლიოს მასშტაბით,

ზოგიერთი ამბობს, რომ თუ კომპრომისზე არ წავალთ, ისინი ეკლესიას დააზიანებენო, და იმის გამო, რომ იმათმა რამე არ მოუწიონ, შენი ხელით ანგრევ? ეს იდეოლოგია არის მავნებლობა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ რომ მტკიცედ დავდგეთ,რომ არ გადაგვაგვარონ ქართველები,"- აცხადებს სპირიდონ აბულაძე.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც იქ მონიტორინგის მიზნით შესვლაზე უარი უთხრეს სახალხო დამცველს და ამავდროულად გავრცელდა პანსიონის ბენეფიციარების ინტერვიუებიც, სადაც ისინი მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ბავშვთა უფლებების დაცვისთვის დიდი ზომის ბავშვთა სახლების დაშლასა და მათი საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ, ასევე მათი თქმით, აუცილებელია საფუძვლიანად გამოძიებული იყოს სავარაუდო ძალადობის ყველა ფაქტი. ადგილზე უკვე მუშაობენ სოციალური მუშაკები, პანსიონი ბავშვთა ნახევარმა უკვე დატოვა.

 

 

დღის ამბები