20 ივნისი 2021,   13:35
ვრცლად
ბათუმში უსკო-ს თავმჯდომარის არჩევას ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა

კამათით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ერთ-ერთი საკითხი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევას ეხებოდა. კენჭისყრაზე ერთი კანდიდატი, კომისიის მოქმედი თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია იყო წარდგენილი. სწორედ ჯალაღონიას კანდიდატურას მოჰყვა ოპოზიციის უკმაყოფილება.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აცხადებენ, რომ ჯალაღონიამ არჩევნები გააყალბა და ის აღარ უნდა იყოს უსკო-ს თავმჯდომარე. ოპოზიციას ასევე სურდა კანდიდატისთვის კითხვების დასმა თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ოპონენტებს რეგლამენტი შეახსენა და უთხრა, რომ უსკო-ს თავმჯდომარეს უმაღლესმა საბჭომ ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაუსვა კითხვები, მაშინ როდესაც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო.

პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, კენჭისყრაზე უარი თქვა უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმაც. მიუხედავად ამისა ფარული კენჭისყრით პარმენ ჯალაღონია 6 წლის ვადით აირჩიეს, მას უმაღლესი საბჭოს 13 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დღის ამბები