20 ივნისი 2021,   12:57
ვრცლად
"ბავშვი მიყვება - დედიკო, წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, რაღაც თამაში უნდა გასწავლოო" - 16 წლის მოზარდის დედა

​კახეთში გაუპატიურების საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 16 წლის მოზარდზე, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებიან.

პირველმა ინსტანციამ მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და 9 ივნისს 16 წლის ბიჭი დააპატიმრეს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ადვოკატი არ ეთანხმება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და ექსპერტიზის პასუხი არ დევს, ამიტომ მოზარდის დაკავება, მისი შეფასებით, უსამართლოა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე ბრალდებულის პატიმრობასთან დაკავშირებით კი ადვოკატი აცხადებს, რომ ეს იმის გამო მოხდა, დადგინდეს ექსპერტიზით, თუ რამდენად მყარია მისი ფსიქიკური მდგომარეობა. 

დაზარალებულის ოჯახის წევრი კი მომხდარის დეტალებს ჰყვება: 

"ბავშვმა მითხრა, დედიკო, წელს ქვევით გამაშიშვლა და მითხრა, მე შენ რაღაც თამაში უნდა გასწავლოო. რა გაუკეთა, არ ვიცი. ბავშვი რომ დაკითხეს, იქ უთქვამს დედამ არ იცისო და ეს ფაქტი წინა დღესაც იყოო. ასე მითხრა, მშობლებთან არაფერი თქვა, თორემ გცემო,"- აცხადებს დაზარალებულის დედა. 

თავად ბრალდებულის მამიდა კი ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ძალიან მშვიდად არის, რადგანაც მას "არაფერი დაუშავებია". 

"ბრალს არ აღიარებს და ძალიან მშვიდად არის, რადგანაც მას არაფერი დაუშავებია. ჩვენ ვითხოვთ, წაიყვანონ ის ქალბატონი და გამოიკვლიონ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვს კი, ზოგადად რასაც დააძალებ და ეტყვი, იმას გაიმეორებს. მაგ ბავშვის დედა ცემს ბავშვებს, ღამის 12 საათზე ისმის ხოლმე ხმა. ეს არის გამოსაკვლევი და არა ჩემი ძმიშვილი,"- აცხადებს ბრალდებულის მამიდა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები