20 ივნისი 2021,   13:34
ვრცლად
სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდებიან ბენეფიციარები და გვიყვებიან ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიებს - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ანა ჩერნიშოვა ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს. ჩერნიშოვა ​ მოუწოდებს როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში. 

"ხშირად რთულია იყო სახალხო დამცველი, რადგან სიმართლე, რომელსაც სახალხო დამცველი ამბობს, ყოველთვის არ არის მარტივი მისაღები და ასევე, მარტივი გამოსათქმელი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ფუნქციების შესრულება და მოვალეობის საფრთხის ქვეშ დაყენება ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიმართულებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად დემოკრატიას და ამავდროულად ზღუდავს მას.  

აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის, მედიის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაუჭირონ მხარი სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში და ასევე, დაუყოვნებლივ მოხდეს სახალხო დამცველის შეშვება ნინოწმინდის სკოლაში,“– აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ანა ჩერნიშოვა.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით კი, ომბუდსმენის აპარატს არაერთი სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი პირი უკავშირდება, რომელიც ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიებზე საუბრობს. 

"მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. თითქმის ყოველდღიურად, სახალხო დამცველის აპარატს, დღესაც, გუშინაც უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი პირი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიებს,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.

გაერო გმობს ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის არშეშვების ფაქტს და ბავშვებზე ძალადობას. გავრცელებული განცხადებით, ორგანიზაცია პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ასეთ დაწესებულებებში ვითარების კონტროლის შეუზღუდავი შესაძლებლობა.

ამასთან, გაერო მნიშვნელოვნად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში ან სხვა ტიპის დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებაში მყოფ ყველა ბავშვზე. განცხადება მოიცავს მოწოდებასაც, სახელმწიფომ მიიღოს მყისიერი და მკაცრი ზომები. 

დღის ამბები