20 ივნისი 2021,   13:20
ვრცლად
"ქართველმა ამომრჩეველმა უნდა დააფინანსოს ისინი, იმიტომ, რომ ეს ფული გამოიყენონ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ?" - გიორგი ამილახვარი პარტიების დაფინანსების წესზე 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა "ღამის კურიერის" ეთერში, პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი და ამომრჩევლის გადახდილი ფული არ უნდა აფინანსებდეს ისეთ პარტიებს, რომლებმაც შესაძლოა ეს დაფინანსება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ გამოიყენონ.

ამ კონტექსტში ამილახვარმა "ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ენმ-ს ყოფილმა ლიდერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის რამდენიმე ყოფილ წევრთან ერთად საქართველოს მოქალაქეობა "მოღალატეობრივად" დატოვა.  

"მსაჯული არის არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც მესამე ვადით ბიძინა ივანიშვილს და მის დაფუძნებულ პარტიას მიანდეს ამ ქვეყნის მართვა და მისი სადავეები. ბატონი სააკაშვილი, შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, არ არის საქართველოს მოქალაქე და მან და მისმა ყოფილმა გუნდის წევრებმა დემონსტრაციულად, მოღალატეობრივად დატოვეს საქართველოს მოქალაქეობა.

ძალიან დიდი ბოდიში, ახლა როდესაც გვესაუბრება უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან და გვითვლის, რომ ხან ზღვიდან შემოვა, ხან ორმოდან ამოვა და ხან ჰაერიდან პარაშუტით ჩამოფრინდება და მისი პოლიტიკური ორგანიზაცია რასაც აქ აკეთებს, კარგად მოგეხსენებათ, ამ ყველაფრის მერე გინდათ მითხრათ, რომ ქართველმა ამომრჩეველმა, რომელმაც მათაც მისცა ხმა და შესაბამისად, გადასახადიც გადაიხადა საქართველოს ბიუჯეტში, უნდა დააფინანსოს ისინი, იმიტომ, რომ ეს ფული გამოიყენონ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ?“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

დღის ამბები