24 ივლისი 2021,   14:12
ვრცლად
მშვიდობიანი სივრცის შესაქმნელად ჯერ რეპრესიული პროცესები უნდა დასტაბილურდეს - ვარლამ გოლეთიანი მედიაციისთვის საჭირო პროცესებზე 

"ნამახვანიჰესთან" დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრმა მხარეებს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო.

"რიონის ხეობის მცველის" ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე, მხარეები საკუთრ პოზიციებს დააყენებენ, რის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელი იქნება შემდგომში უკვე მედიაციის პროცესის გაგრძელება.

"დღეს აქ მოსულები ვართ უბრალოდ იმისთვის, რომ დავაყენოთ ის მწვავე საკითხები, რომელმაც უნდა შექმნას შემდგომში იმის წინაპირობა, რომ დავიწყოთ უშუალოდ მედიაციის პროცესი.

რა პირობები ექნება სახელისუფლებო მხარეს? ეს პირობაც არ არის, ეს უბრალოდ ლოგიკური კანონზომიერებაა, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ და რაღაც მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას დიალოგისთვის. ჯერ ის რეპრესიები და პროცესები უნდა დასტაბილურდეს და ამის შემდეგ შევხედავთ ჩვენ რამდენად შესაძლებელი გახდება მედიაციის დაწყება," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

ამასთან, გოლეთიანის თქმით, აპირებენ დააყენონ რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანის და სამუშაოების შეჩერების საკითხი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. 

შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენლები.

დღის ამბები