24 ივლისი 2021,   14:59
ვრცლად
მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობით და ფასილიტაციით მოხდა სომეხი ტყვეების გათავისუფლება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხი ტყვეების გათავისუფლების ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება საქართველოს აქტიური ჩართულობის შედეგად მიიღო. 

"მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

ჩვენი აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

პირადად ვიმყოფებოდი მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად.

მივესალმები ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.

ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმაროთ პარტნიორებს და აქტიურად ჩავერთოთ პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები