24 ივლისი 2021,   15:14
ვრცლად
დანიელი ფეხბურთელი, რომელიც მატჩის დროს მოედანზე დაეცა, ახლა თავს სტაბილურად გრძნობს

დანიელი ფეხბურთელი, რომელიც მატჩის დროს მოედანზე დაეცა, ახლა თავს სტაბილურად გრძნობს. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. დასახელდა მიზეზიც. კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა ჰქონდა. უმძიმესი კადრები მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ნახა.

კოპენჰაგენის პარკენის სტადიონზე თამაშის შეწყვეტის შემდეგ, ორივე ნაკრების ფანები ხმამაღლა ამხნევებდნენ კრისტიან ერიკსენს - ფინელები მის სახელს სკანდირებდნენ, დანიელები კი გვარს. 

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე B ჯგუფის პირველ შეხვედრაში, დანიასა და ფინეთის ეროვნულ გუნდებს შორის კინაღამ ტრაგედია დატრიალდა - მასპინძელთა ლიდერი 29 წლის ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი 42-ე წუთზე მოედანზე უგონოდ დაეცა. ექიმთა ჯგუფი მის გადარჩენას მინდორზე რამდენიმე წუთი ცდილობდა. კრისტიანს ჯერ გულის მასაჟი გაუკეთეს, რის შემდეგაც მის მოსულიერებას ხელოვნური სუნთქვის აპარატით ცდილობდნენ. ერიკსენი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და რეანომობილით კლინიკაში მოათავსეს.

აღსანიშნავია სტადიონზე მყოფი ფეხბურთელების, სამედიცინო ჯგუფისა და გულშემატკივრების შესანიშნავი საქციელი კრიზისულ სიტუაციაში. როდესაც კრისტიანს პირველად დახმარებას უწევდნენ, დანიელი ფეხბურთელები მის ირგვლივ შეიკრიბნენ, რომ სამედიცინო პერსონალს მუშაობის საშუალება ჰქონოდა. ფინელმა ფანებმა კი ექიმებს საკუთარი ქვეყნის დროშა ათხოვეს, რომ სამაშველო პროცესი კამერებში და სატელევიზიო ეთერში არ გამოჩენილიყო.

ექიმების თქმით, კრისტიან ერიქსენს გულის კოლაფსი დაემართა, რაც უეცრად წარმოშობილი სისუსტითა და სისხლძარღვთა ტონუსის დაცემით გამოიხატება, მას თან ახლავს არტერიული წნევისა და ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება. მილანის ინტერის სკანდინავიელი ფეხბურთელი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თავიდან UEFA-ს გადაწყვეტილებით მატჩი გადაიდო, თუმცა ორივე გუნდის ფეხბურთელთა მოთხოვნით მოგვიანებით მაინც განახლდა და სტუმრებმა 1-0 მოიგეს. ფინელებმა გამარჯვების ბურთი მე-60 წუთზე თავური დარტყმით გაიტანეს, მაგრამ ტურნირის დებიუტანტებმა გოლი მოკრძალებულად აღნიშნეს. იოელ პოჰიანპალომ ჟესტით მოკლე ხანში შეაწყვეტინა თანაგუნდელებს ზეიმი და ამით პატივი სცა ორივე გუნდის ქომაგებს, რომელთაც ტრიბუნებზე ნამდვილად არ ჰქონდათ საზეიმო განწყობა.

ამავე ჯგუფში გუშინ კიდევ 1 შეხვედრა შედგა და სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ნაკრებმა ბელგიის გუნდი მიიღო. ბელგიელებმა რომელუ ლუკაკუს დუბლისა და ტომას მუნირის გოლის წყალობით 3-0 გაანადგურეს მასპინძლები.

დღეს საღამოს კიდევ 3 თამაში ჩატარდება. ავსტრია ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ნიდერლანდები საკუთარ ძალებს უკრაინასთან მოსინჯავენ, ხოლო ინგლისი უძლიერესის ვინაობას ხორვატიასთან გაარკვევს.

 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები