04 აგვისტო 2021,   19:00
ვრცლად
იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებულ შმაგი მუთოშვილს სასამართლომ 4.5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

პანკისში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებული შმაგი მუთოშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ 4,5- წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ მუთოშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარების საქმეში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში არსებული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდებულის ადვოკატი. მისი თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შმაგი მუთოშვილი პატიმრობაში დარჩა. უფლებადამცველი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სასამართლოს მიმდებარედ 35 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრები და თანასოფლელები იყვნენ შეკრებილები.
გამოძიება შმაგი მუთოშვილს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა.

ცნობისთვის, შმაგი მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორ გვარს - მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელელება იყო, მეორე ვერსიით კი მხარეებს შორის კონფლიქტი ხეობაში ჰესების აშენების საკითხს უკავშირდებოდა.

დღის ამბები