24 ივლისი 2021,   15:46
ვრცლად
როგორ უნდა მიაღწიოს საქართველომ NATO-ში ინტეგრაციას - ექსპერტები და პოლიტიკოსები

დღეს ინტერფრაქციულ ფორმატში, "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა, საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან შედგა. შეხვედრაზე  "დიდი შვიდეულის", NATO-სა და აშშ-რუსეთის სამიტები განიხილეს.

ასევე, გაიმართა საჯარო დისკუსია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობებისა და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით.

"ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით. საუბარია იმაზე, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიული რეფორმები და ვიყოთ NATO-ს წევრ თითოეულ ქვეყანასთან აქტიურ კომუნიკაციაში," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.

"ლელოს" წევრი ლანა გალდავა კი აღნიშნავს, რომ ალიანსისთვის შესათავაზებელია ახალი და თამამი იდეები, რომლითაც ჩაკეტილი სივრცე გაირღვევა.

ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, ნატოს მიმართულებით პროგრესისკენ სწრაფვა არ ხდება. 

"2016 წლიდან NATO-სთან მიმართებაში ჩვენ არავითარი პროგრესი არ მიგვიღია. მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, პროგრესისკენ ლტოლვა არ არის. ამიტომ, გადავწყვიტეთ ყველამ ერთად დავილაპარაკოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პროცესი ცოტა გავააქტიუროთ,"- აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში თენგიზ ფხალაძე კი აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისიათვის, რომ ის გზა, რაც საქართველომ ნატოსკენ უნდა გაიროს, მაქსიმალურად შემოკლდეს. მისივე თქმით, ნატოში ინტეგრაცია არ არის უბრალოდ ამოცანა და ეს საერთო ეროვნული პრიორიტეტია. 

დღის ამბები