31 ივლისი 2021,   22:01
ვრცლად
უახლოეს დღეებში დავიწყებ კონსულტაციებს ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ რობერტ ქოჩარიანის ბლოკი დაამარცხა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, ალიანსმა "სამოქალაქო შეთანხმებამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა. გასულ ღამეს ფაშინიანის პარტიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა რობერტ ქოჩარიანი.

"დღეს, საღამოს 8 საათზე გაიმართება მიტინგი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს მანდატს, რომელიც მან მშვიდობიან ფოლადის რევოლუციას მისცა. განვაგრძობთ მუშაობას, რომელიც ააყვავებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს ისევ გააერთიანებს. რაც შეეხება ქოჩარიანის განცხადებას, ხალხმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და მას ვერავინ შეეწინააღმდეგა. ამ არჩევანს ყველა უნდა დაეთანხმოს,"-აცხადებს ნიკოლ ფაშინიანის გუნდის წევრი ვერთაც საქრსიანი.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებას ნიკოლ ფაშინიანმაც მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შინაარსი არის ცხადი. მოხდა ის, რისი პროგნოზიც კეთდებოდა - არჩევნებზე სომეხმა ხალხმა გაიმარჯვა. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება აღადგენს სოციალურ და ეროვნულ ერთიანობას. სამი წლის განმავლობაში სომეხმა ხალხმა მეორე რევოლუცია მოახდინა. ამჯერად ეს "ხავერდის" ნაცვლად "ფოლადის" იყო. ყველა შეთანხმება შესრულდება. პირობას ვდებ, რომ უახლოეს დღეებში დავიწყებ კონსულტაციებს ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან, იმისათვის რომ მოვისმინო მათი შეხედულებები პოლიტიკური ცხოვრების და საზოგადოებრივი პოტენციალის კონსოლიდაციის შესახებ. დადგა დრო, აღვადგინოთ საზოგადოებრივი და ეროვნული ერთობა,"-აცხადებს ფაშინიანი. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმების 53,92% მიიღო, მისი მთავარი კონკურენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკმა -21.04%. თუ აღნიშნული  შედეგები დარჩება ძალაში, ეს ნიშნავს, რომ ფაშინიანის პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და მას მთავრობის დამტკიცება შეეძლება. 

დღის ამბები