24 ივლისი 2021,   08:44
ვრცლად
"არის რეკომენდაციები, რომელზეც შევთანხმდით, რომ არ გავითვალისწინებთ" - პარლამენტი საარჩევნო კოდექსის განხილვას იწყებს

ერთ საათში პარლამენტი საარჩევნო კოდექსის განხილვას იურიდიულ კომიტეტზე იწყებს. მანამდე, ოპოზიციამ და უმრავლესობამ კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა გამართა.

პარლამენტი იწყებს იმ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას, რომელიც ქართულ მხარეს წინა კვირას ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა მისცა.

"მოქალაქეების" ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, მხარეებს შორის შესათანხმებელი მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალებია.

"მაგალითად, არის ბიულეტენის ორი ვერსია, თუ როგორი შეიძლება იყოს საპილოტე ვერსია გაშვებული, ასეთ დეტალებზე მიდის საუბარი. პოლიტიკური პარტიებისთვის, ზოგისთვის ერთი სახის ბიულეტენია მისაღები, ზოგისთვის მეორე, მაგრამ, საბოლოოდ, ვფიქრობ, შევთანხმდებით კომპრომისულ ვარიანტზე, ეს არ არის ის საკითხი, რის გამოც შეიძლება საფრთხე დაემუქროს ამ კანონპროექტის მიღებას,"- განაცხადა იოსელიანმა. 

კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა მმართველი პარტიისთვისაც რეალურია. "ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის ისეთი რეკომენდაციებიც, რომლის გათვალისწინებასაც არ აპირებენ. 

"არის რეკომენდაციები, რომელზეც შევთანხმდით, რომ არ გავითვალისწინებთ. მაგალითად, პარტიული წევრის გამოწვევას რომ დასაბუთება უნდა სჭირდებოდეს, აქ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ სრული შესაძლებლობა, დასაბუთების გარეშე გამოიწვიონ წევრი და კიბატონო,"-აცხადებს პაპუაშვილი.

 

დღის ამბები