24 ივლისი 2021,   08:31
ვრცლად
ბავშვებზე ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლის ირგვლივაც მიმდინარეობს - დაწესებულების კარი "კურიერისთვის" გაიღო

2 თვიანი ლოდინის შემდეგ, დღეს "კურიერისთვის" პირველად გახსნეს კოჯრის ბავშვთა სახლის კარი. ჟურნალისტი და ოპერატორი პანსიონში, რომელიც მანამდე მედიისთვის ჩაკეტილი იყო, პირველად დაუშვეს.

"კურიერში" ექსკლუზიურად გასული რეპორტაჟის შემდეგ, რომელშიც ყოფილი ბენეფიციარები ძალადობის შესახებ საუბრობდნენ, სააგენტომ აპრილში დირექტორი და თანამშრომლები გაათავისუფლა.

დღეს დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე კი გამოძიება გრძელდება.

კოჯრის ბავშვთა სახლის დახურვაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს, ბენეფიციარები კი, სხვადასხვა მცირე ტიპის დაწესებულებებში გადანაწილდებიან. 

"კურიერთან" ყოფილი ბენეფიციარები ძალადობის ფაქტებზეც საუბრობენ, თუმცა ბავშვთა სახლის დროებითი ხელმძღვანელი დეინსტიტუციონალიზაციას ამ ფაქტებს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

"დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში ბენეფიციარები ისედაც გადავლენ აქედან, თუმცა დეინსტიტუციონალიზაცია რეპორტაჟის გამო არ დაწყებულა. იცით თქვენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს,"- აღნიშნა თეა სიმონიამ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალია აცხადებს, რომ ბენეფიციარები სხვადასხვა მცირე ტიპის საოჯახო სახლებში გადანაწილდებიან.

"საერთოდ ვხურავთ კოჯრის ბავშვთა სახლს. უკვე მიმდინარეობს სამი ალტერნატიული სახლის რემონტი. ამ ეტაპზე ბავშვებზე ძალადობის კონკრეტული შემთხვევები არ არის დადასტურებული,"-აღნიშნა ბარკალიამ.

დღის ამბები