24 ივლისი 2021,   14:41
ვრცლად
ჩემი დაკვირვებით, ე.წ. ინდური შტამი მწვავე სიმპტომებით არ მიმდინარეობს - მაკა ბულეიშვილი

პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში, მაკა ბულეიშვილი ე.წ. ინდური შტამის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სწრაფი გავრცელების მიუხედავად ვირუსის ეს ვერსია პაციენტებში მწვავე სიმპტომებით არ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ამ შტამის 20 შემთხვევაა გამოვლენილი, ასევე მოძიებულია ყველა მათი კონტაქტი.  

როგორც მაკა ბულეიშვილი ამბობს, იმ ფონზე როდესც ქვეყნის მასშტაბით რეგულაციები მსუბუქდება მოქალაქეებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, განსაკუთრებით კი დახურულ სივრცეებში ყოფნისას. 

"ქვეყანაში რამდენიმე დღეა ვიცით ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინდური შტამია დადასტურებული, 20 შემთხვევა, მათი კონტაქტები უკვე არის მოძიებული. ეს ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია მისი სისწრაფიდან გამომდინარე, რამდენადაც ვიცით, რომ ინდურ შტამს ახასიათებს საკმაოდ სწრაფი გავრცობადობა. ამიტომ აქ არის ძალიან დიდი ყურადღება მისაქცევი იმასთან დაკავშირებით, როდესაც ხდება პრაქტიკულად ხვალიდან არსებული თითქმის ყველა რეგულაციის მოხსნა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი, რომ არ დაგვავიწყდეს სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეში აუცილებლად ვატაროთ პირბადე," - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

როგორც მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა ბულეიშვილი ამბობს, ე.წ. ინდური შტამი დადასტურდა ასევე ორი ახალგაზრდის შეთხვევაში, რომელთაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ. ორივეს შემთხვევაში დაავადება საკმაოდ მარტივად მიმდინარეობდა. მისი თქმით, იყო გამოხატული თავბრუსხვევა, ასევე თავის ტკივილი და სურდო.

"ამ ეტაპისთვის მე რასაც ვაკვირდები, ვხედავ რომ არც თუ ისეთი მწვავე სიმპტომებით მიმდინარეობს. იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ, შემდგომ ისინი გადაგზავნილები იყვნენ ტესტირებაზე და ორ შემთხვევაში დადასტურდა ინდური შტამი, ზუსტად ის რომელიც ახლა მუსირებს ჩვენს ქვეყანაში. ეს პაციენტები კლინიკაში გადიან მკურნალობას და შეიძლება ითქვას გამოჯანმრთელებულები არიან. არანაირი პრობლემა გართულების თვალსაზრისით არ ჰქონიათ," - აცხადებს მაკა ბულეიშვილმა

დღის ამბები