31 ივლისი 2021,   22:31
ვრცლად
"ძალიან დიდი ბოდიში... ცხოვრება დავინგრიე..." - ბერძენი პილოტი ცოლის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის

ბერძენი მფრინავი, რომელმაც ბრიტანელი ცოლი კეროლაინ კრაუჩი მოკლა, მომხდარის გამო ბოდიშს იხდის, ამის შესახებ Express წერს. 

33 წლის ბაბის ანაგნოსტოპულოსმა 10-საათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომხდარის გამო ძალიან წუხს:

"ძალიან დიდი ბოდიში... ნეტა შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, სამწუხაროდ, არ შემიძლია..."

სხდომის დაწყებამდე კი, როდესაც ბაბის ანაგნოსტოპულოსი სასამართლოს შენობაში შედიოდა, ხალხი მას შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდა: "ურჩხული! მკვლელი! დალპი ციხეში" - ყვიროდნენ სასამათლოსთან შეკრებილები. 

მფრინავმა 20 წლის ცოლის მკვლელობა აღიარა - მან კეროლაინი სახლში გაგუდა, თუმცა მანამდე ირწმუნებოდა, რომ ეს თავდამსხმელებმა ჩაიდინეს. 

ბაბის ანაგნოსტოპულოსმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას რაც შეიძლება მოკლევადიანი პატიმრობა უნდა მისცენ, რათა მოახერხოს შვილის ცხოვრებაში დაბრუნება. პროკურორები კი ამბობენ, რომ მის მიერ ჩადენილი მკვლელობა ცივსისხლიანი და წინასწარ დაგეგმილი იყო. 

წყვილი 2018 წელს დაქორწინა, მაშინ კეროლაინი 18 წლის იყო. მფრინავსა და მის ბრიტანელ მსხვერპლს საერთო შვილი ჰყავთ - ლიდია, რომელიც ახლა 11 თვის არის. 

ანაგნოსტოპულოსს ბრალად ედება წინასწარგანზრახული მკვლელობა, ცრუ აღიარება და ძარცვის შესახებ პოლიციისთვის ცრუ ჩვენების მიცემა. თუ მას ბრალს დაუმტკიცებენ, პილოტს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები