04 აგვისტო 2021,   20:40
ვრცლად
სასამართლო რეფორმამდე, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს - კელი დეგნანი პოლიტიკურ სპექტრს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს

მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე მითითება მმართველმა გუნდმა შტატებისგან დღეს კიდევ ერთხელ მიიღო.

კელი დეგნანი პარლამენტს მის უფლებამოსილებას ახსენებს და სასამართლო რეფორმის სრულად განხილვამდე დეპუტატებს დანიშვნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამერიკელი დიპლომატი მხარეებს იმ პირობას ახსენებს, რომლის მიხედვითაც მათ  ამბიციური სასამართლო რეფორმის ვალდებულება აიღეს, თუმცა დღემდე არ შეუსრულებიათ.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებისთვის მოსამართლეების დანიშვნის პროცესზეა დამოკიდებული, გაძლიერდება თუ არა მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ.

გერმანიის ელჩი პარტიების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ინტერპრეტაციას შემაშფოთებელს უწოდებს.

არასაკმარისი კომუნიკაცია - ასე ხსნის "ქართული ოცნება" იმ განცხადებებს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მხრიდან ისმის. მმართველი პარტია დიპლომატებისთვის მეტი არგუმენტის მიწოდებასაც გეგმავს. კელი დეგნანი კი პარლამენტს უფლებამოსილებას ახსენებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდეს. ელჩს საპირისპირო არგუმენტები მმართველმა პარტიამ დღეს საჯარო განცხადებებითაც გააცნო.

სასამართლო რეფორმის განხორციელების პირობის დავიწყებას ამერიკის ელჩი თუ 2-ვე მხარეს ახსენებს, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაში მხოლოდ მმართველი პარტიის ბრალეულობას ხედავს ოპოზიცია. რეფორმების რეალური ტალღების განხორციელებას კი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე ხედავს.

საპარლამენტო ოპოზიციაში პოზიციები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. მათ, ვინც გუშინ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გეგმავდნენ, პოზიციებს გადახედეს და საკანონმდებლო საქმიანობაზე უარს მანამდე არ იტყვიან, ვიდრე მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისთვის რესურსს არ ამოწურავენ.

პოლიტიკური შანტაჟი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საკმარისი არგუმენტები აქვთ იმისთვის, რომ მოსამართლეების დანიშვნებზე უარი არ თქვან.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი რომ არ შეჩერდება ამაზე გადაწყეტილება მმართველმა პარტიამ უკვე მიიღო. უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლის კანდიდატურა იუსტიციის საბჭოს უკვე შერჩეული ჰყავს. გასაუბრებების მორიგი ეტაპი მათ პარლამენტში ელოდებათ. ვინ გახდება უმაღლესი ინსტანციის უვადო მოსამართლე, ეს სწორედ დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ.

დღის ამბები