31 ივლისი 2021,   22:20
ვრცლად
ამ წუთებში პრემიერს პარლამენტში ელოდებიან - რა კითხვებზე მოუწევს ირაკლი ღარიბაშვილს პასუხის გაცემა

ამ წუთებში პრემიერს პარლამენტში ელოდებიან - ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს წარუდგენს გასული წლის ანგარიშს, ასევე შეაჯამებს პრემიერობის 100 დღეს.

კიდევ ერთი თემა, იქნება მთავრობის 10 წლიანი პროგრამა. პრემიერის გამოსვლის შემდეგ, დარბაზში კითხვებს დეპუტატები დასვამენ.

ოპოზიციაში კითხვები, პანდემიის მართვაზე, ვაქცინაციაზე, საგარეო პოლიტიკაზე, სიღარიბეზე, კორუფციასა და დღის წესრიგში არსებულ სხვა საკითხებზე ექნებათ. 

"რატომ ხდება, რომ პორცია-პორცია ვიღებთ ვაქცინებს და არა სრულფასოვნად, ვაქცინების მეორე ამბავია რეალურად აპირებს თუ არა, ქამრების შემოჭერას და მოიქცეს ისე, როგორც ღარიბი და ღატაკი ქვეყნის მთავრობას შეეფერება," - აღნიშნავს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. 

ოპოზიციის მხრიდან ასევე შეკითხვები იქნება ნარკოპოლიტიკასა და პატიმრების საკითხზე:

"დღეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, ის ეკონომიკური კრიზისი, რომლიდანაც უნდა გამოვიდეთ პანდემიის შემდეგ. მეორე საკითხი იქნება, პატიმრებზე, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში შესვლის ამბიციურ განცხადებას, რატომ არ ხდება ცვლილებები ნარკოპოლიტიკაში," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენის დროს 4 ძირითადი მიმართულება იქნება მიმოხილული. მათივე თქმით, ანგარიში საქმიანი და საინტერესო იქნება, რომელიც ძირითადად მოიცავს იმას, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ქვეყანა უფრო მეტად. 

"მიმოხილული 4 ძირითადი მიმართულებაა, ეს არის - ეკონომიკა, ჯანდაცვა, ადამიანის უფლებები და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. მე მგონია, რომ ყველაფერზე ძალიან დეტალური პასუხებია გაცემული. მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციები და მათ შორის, ის 45%-იანი ზრდა, რომელიც აპრილში იყო," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით წარდგება. პრემიერის გამოსვლის შემდეგ, პრემიერის მისამართით დაისმევა შეკითხვები. მას დეპუტატები მიმართავენ განცხადებებით.

სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის ანგარიში წერილობითი ფორმით პარლამენტში 1-ელ ივნისს შევიდა.

პრემიერ-მინისტრის ანგარიში 151-გვერდიანია. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე.

დღის ამბები