25 სექტემბერი 2021,   10:46
ვრცლად
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ოპოზიციის დესტრუქციული სახე, საერთოდ უსაგნოა მათი მსჯელობაც, პრეტენზიებიც და კითხვებიც - დავით მათიკაშვილი

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოხსენებით მმართველი გუნდი კმაყოფილია. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ოპოზიცია კი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დესტრუქციის მცდელობაში დაადანაშაულეს.  

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა ოპოზიციის დესტრუქციული სახე, ის, რომ საერთოდ უსაგნოა ოპოზიციის მსჯელობაც, პრეტენზიებიც, კითხვებიც. ერთი ნორმალური კითხვა და მიზანმიმართული კითხვა ვერ მოვისმინეთ, გარდა იმისა, რაც საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. პრემიერმა აბსოლუტურად ყველა კითხვას გასცა პასუხი. ეს იყო პოპულიზმის შემადგენელი, რომელიც არ გამოუვიდათ,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

"პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც 2020 წელს ჰქონდა საქართველოს პანდემიიდან გამომდინარე, ეს იყო უმუშევრობა, ეს იყო მაღალი ინფლაცია, ბიუჯეტის დეფიციტი. ისაუბრა საკმაოდ არგუმენტირებულად და ამავე დროს, ისაუბრა იმაზეც, თუ რა გამოსავალი გვაქვს და მიმდინარე წელს როგორი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს," - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები