27 ნოემბერი 2021,   09:31
ვრცლად
შეუჩერდებათ თუ არა უფლებამოსილება დეპუტატებს, რომლებიც სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენდნენ - მმართველი გუნდი მსჯელობას იწყებს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონმდებლები ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ.

საუბარია იმ დეპუტატებზე, რომელებიც პარლამენტში გამართულ სხდომებს არასაპატიო მიზეზების გამო არ ესწრებოდნენ.

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, შესაბამისად, გაცდენა ამ ფაქტს უკავშირდება.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ქმედებები სასოწარკვეთილი პარტიის ქმედებებს ჰგავს.

"ეს უსუსური მცდელობაა დასჯის მექანიზმის შემოღება. რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს სასოწარკვეთილი პარტიის მოქმედებებია,"- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მორიგი ქმედება არასერიოზულია.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დეპუტატებს უფლებამოსილება რომ შეუჩეროს, უცნაური იქნება.

"რაზეც გვედავებიან, რომ ცუდად ვიქცეოდით და გაკვეთილებს ვაცდენდით? სწორედ ამის მერე იყო შარლ მიშელის ამბავი და ეს ხალხი მოკრძალებით მოგვმართავდა შემოდითო, ახლა რომ გაგვრიცხონ უცნაური იქნება,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მართველი გუნდის წევრებს კი, საკითხზე საკუთარი არგუმენტები აქვთ და აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებმა ვალდებულებები აუცილებლად უნდა შეასრულონ. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თითოეული დეპუტატის ამბავი კონკრეტულად გაირჩევა სამართლებლივად, რის შემდეგადაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თითოეული დეპუტატის საქმე ინდივიდუალურად განიხილება.

"განხილვის პროცესში გამოჩნდება, როგორია სამართლებლივი პროცესი თითოეული დეპუტატის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, რასაც სამართლებლივი საფუძველი განაპირობებს,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები