30 ნოემბერი 2021,   10:52
ვრცლად
საქართველოს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ჩამოაბრძანებს - საგარეო უწყება

9-10 ივლისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ეწვევა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანებს და ქართველ ხალხს გადასცემს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს. 

"ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.  

საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.

მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთერთობებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქართული მხარე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე. ჩვენს შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთ მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ.

როგორც ცნობილია, 2017-18 წლებში დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებმა ერთი წლით უკვე იმოგზაურა საქართველოში, რის შემდეგაც ისევ ინდოეთში დაბრუნდა. ამჟამად კი, გოას არქეოლოგიურ მუზეუმში დასვენებული წმინდა ნაწილი საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადმოეცემა.

ასევე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორი გახლავთ ინდოელი მოქანდაკე  გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა."- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები