27 ნოემბერი 2021,   09:51
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ოპოზიციისთვის მიუღებელია - "ქართული ოცნება" არასამთავრობოებს ოპოზიციასთან კოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებს

წარადგენს თუ არა პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იმ ორ პირს, რომელიც კომისიამ შეარჩია - ეს უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი. საბჭოს მხოლოდ აკადემიურმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა გიორგი სანტურიანისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურებს, სამოქალაქო სექტორისთვის ცესკოს მოქმედი თანამშრომლების წარდგენა მიუღებელი აღმოჩნდა, შერჩეული პირები მიუღებელია ოპოზიციისთვისაც.

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს სერიოზული საარჩევნო რეფორმა და ცესკოს კონტროლირებადი ხალხით დაკომპლექტებას ცდილობს.

"მათ ერთადერთი რამ სჭირდებათ, რომ ჰყავდეთ თავისი კონტროლირებადი ხალხი ყველგან. თვითონ ის ფაქტი, რომ უწყებიდან 2 თანამშრომელი მონაწილეობს კონკურსში და ძალიან სწრაფად და ფორსირებულად მიდის მათი არჩევის პროცესი, მიუთითებს იმას, რომ ქართულ ოცნებას არ სჭირდება სერიოზული რეფორმა," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომლის ახსნაც გაუჭირდება. კანდიდატებზე აზრის გამოთქმას კი მათი გაცნობის შემდეგ გეგმავს:

"მე არ ვიცნობ ამ ადამიანებს, შესაბამისად ვერ გავცემ პასუხს დავუჭერ მხარს თუ არა, ალბათ მომეცემა საშუალება რომ გავიცნო. ისეთ რამეს არ ჩავიდენ, რისი ახსნაც და დასაბუთებაც თქვენთვის არ შემეძლება, ყურადღებით გავიცნობ და ვეცდები რომ ჩემ კვალიფიციური აზრი გითხრათ მას შემდეგ რაც გავიცნობ," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პროგნოზირებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი მორიგი განხეთქილების საბაბი გახდება:

"პრეზიდენტი არაა ვალდებული წარადგინოს მაინც და მაინც კომისიის წარდგენილი 2 კანდიდატურა, მაგრამ მას არ აქვს უფლება, ვინაიდან ის არაა ავტონომიური ადამიანი, მას რასაც დაავალებენ იმას გააკეთებს. დაავალეს 2 მორჩილი კანდიდატის წარდგენა, შემოიტანს. ჩააგდებს ამას რა თქმა უნდა პარლამენტი და ეს პროცესი იქნება მორიგი განხეთქილების საბაბი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარკვეული გეგმით მოქმედებასა და ერთმანეთთან შეთანხმებულ ქმედებებში ადანაშაულებს ცესკოს დაკომპლექტებაში ჩართულ არასამთავრობოებს ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი.

"იკვეთება არაავთენტური, კოორდინირებული ქცევა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ჩანს მათ შეათანხმეს ხმის მიცემის წესი და მხარი დაუჭირეს მხოლოდ 2 კანდიდატს, რომელიც მათივე წარმომადგენელი იყო. არ ვიცი, ეს არათუ რამე სტანდარტში ეწერება, ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. როგორც ჩანს გეგმა იყო, რომ არ დაკომპლექტებულიყო ცესკო, შედეგად ამ არჩევნებზე მივიღებდით ოპოზიციის უმრავლესობით ცესკოს, რომლის თავმჯდომარეც იქნებოდა ოპოზიციის პარტიის წარმომადგენელი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მისთვის გასაკვირი არაა ახალი ინიციატივებზე და რეფორმებზე ოპოზიციის მხრიდან ხელის შეშლა.

დღის ამბები