27 ნოემბერი 2021,   09:42
ვრცლად
"მრავალეროვანმა საქართველომ" ცესკოს თავმჯდომარეობის 3კანდიდატსა და წევრობის 5 კანდიდატს მხარი დაუჭირა

"მრავალეროვანმა საქართველომ" ცესკოს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატსა და ცესკოს წევრობის ხუთ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

მათივე ცნობით, ორგანიზაციამ ერთი კანდიდატის შეფასებისას თვითაცილება მოითხოვა, რათა სამსახურებრივი კავშირის გამო, ეჭვქვეშ არ დამდგარიყო კანდიდატის შეფასების ობიექტურობა.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში, "საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" წარმოდგენილი იყო ერთი წევრით - ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარით.

"ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან "მრავალეროვანმა საქართველომ" მხარი დაუჭირა სამ კანდიდატს: ლილი ბეგიაშვილს, გიორგი სანტურიანს და გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის კანდიდატებიდან ხუთ კანდიდატს: ანა მიქელაძეს, თამარა სართანიას, მაია ზარიძეს, ემზარ კაკულიას და გია ცაცაშვილს.

"მრავალეროვანმა საქართველომ" თვითაცილება განაცხადა და მონაწილეობა არ მიიღო ერთი კანდიდატის შეფასებაში, რათა სამსახურებრივი კავშირის გამო, ეჭვქვეშ არ დამდგარიყო კანდიდატის შეფასების ობიექტურობა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონკურსო კომისიას ჰქონდა კანონით განსაზღვრული ლიმიტირებული დრო გადაწყვეტილების მისაღებად  ორი დღე. გარდა ამისა, სამწუხაროდ, კომისიას ჰქონდა მწირი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას.

ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უმთავრესი იყო კანდიდატთა ხედვები, ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ ამომრჩეველთა წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გატარება უმნიშვნელოვანესია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, ასევე სიძულვილის წახალისების ფონზე.

თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას შეგიძლიათ გაეცნოთ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში," - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დღის ამბები