27 ნოემბერი 2021,   10:25
ვრცლად
ევროპარლამენტი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - ევროკავშირსა და NATO-ს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაფართოებისკენ მოუწოდებენ 

ევროპარლამენტი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ - ევროპელი დეპუტატები სპეციალურ რეზოლუციაში ევროკავშირსა და NATO-ს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაფართოებისკენ მოუწოდებენ.

რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, ღიად წერია, რომ რუსეთი აგრესორია და მის აქტივობებს ოფიციალურმა ბრიუსელმა ხელი უნდა შეუშალოს. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა და საქართველოს კიდევ ერთი მხარდამჭერი რეზოლუცია ერთმანეთის გასაკრიტიკებლად გამოიყენა.

კიდევ უფრო მომთხოვნი ევროპა რუსულმა საფრთხეებმა აქცია. ამიტომაა, რომ ევროპარლამენტარები აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებით მეზობლებთან კავშირების გაღრმავებას დაჟინებით მოითხოვენ.

რეზოლუცია სწორედ ევროკავშირისა და NATO-ს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს მოიცავს. საფრთხეებისა და გამოწვევების თავში ვკითხულობთ, რომ პუტინის რუსეთის განგრძობადი რევიზიონიზმი, მილიტარიზმი და აგრესიული პოლიტიკა დასავლეთის შეშფოთების საგნად რჩება. რუსეთის ჰიბრიდულ ომს - დეზინფორმაციას, ფეიკნიუსებს, კიბერშეტევებსა თუ მკვლელობებს - NATO-მ და ევროკავშირმა პროაქტიული სტრატეგია უნდა დაუპირისპიროს.

ტრანსატლანტიკურ სტრატეგიაში საქართველოს უპირობო როლზე საუბრობენ ევროინტეგრაციის კომიტეტშიც. საფრთხეების შეფასების ევროპულ დოკუმენტში ამის ხაზგასმა, თბილისის მოლოდინებით, მხოლოდ დასაწყისია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს, უკრაინისა თუ მოლდოვას მიმართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის ჩართულობა უნდა გაზარდონ. მაგალითად კი ბალტიის, აზოვისა თუ შავი ზღვის აუზებში მოსკოვის დესტრუქციული ქმედებებია მოყვანილი. ამაზე "კურიერი" შავი ზღვის აუზისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოს, რუმინეთის ელჩს ესაუბრა თბილისში.

ევროდეპუტატები მიღებულ რეზოლუციაში მიესალმებიან იმ მკაფიო ენას, რომელიც NATO-მ, ევროკავშირმა და აშშ-მა სულ ახლახან გამართულ სამიტებზე რუსეთთან მიმართებით გამოიყენეს.

დღის ამბები