30 ნოემბერი 2021,   10:32
ვრცლად
გვგონია, რომ ყველაზე პრო-ამერიკული პარტია ვართ, შესაბამისად გვითხრეს, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს - იაგო ხვიჩია უვადო მოსამართლეების შერჩევაზე

ოპოზიციის ნაწილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს ბოიკოტს უცხადებს. მათ შორის არის, პარტია "გირჩიც", რომლის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, "ღამის კურიერის" ეთერში ამაზე ღიად ისაუბრა და მისი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი განმარტა. 

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე არალეგიტიმურია და მას მხარდაჭერა ვერ ექნება.  

"ამერიკის საელჩოს განცხადება წავიკითხეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ჩვენს პარტიას ძალიან სპეციფიური დამოკიდებულება გვაქვს, ამერიკის შეერთებულს შტატებთან. ჩვენ გვგონია, რომ ამ ქვეყანაში, ყველაზე პრო-ამერიკული პარტია ვართ. შესაბამისად, მათ გვითხრეს, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ეს პროცესი იმდენად არალეგიტიმურია, რომ ამით ნორმალური მოსამართლის შერჩევა არ შეიძლება, თუნდაც ისეთის, როგორიც შარლ მიშელის დოკუმენტშია. ამ პროცესის შედეგად, ღირსეულ კანდიდატსაც რომ ვერ დაუჭერ მხარს, იქ შესვლა, ამ კანდიდატების შეურაცხყოფაც ხომ არის. ამიტომ, იმის საჭიროება ვერ დავინახეთ, რომ ამ პროცესში რაიმე სახის მონაწილეობა მიგვეღო. მე ასეთ სასამართლოზე თანახმა არ ვარ,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ

სავარაუდოდ ორშაბათს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის. შარლ მიშელის დოკუმენტის, ამერიკის საელჩოს, სხვა პარტნიორი ქვეყნების, ოპოზიციის და არასამთავრობოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უმრავლესობა მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს და მოსმენების შემდეგ, უკვე კენჭისყრას ნიშნავს. დარჩა ერთი კანდიდატი, რომელთან შეხვედრის შემდეგაც, საკითხი სესიაზე გავა. მოსმენებთან დაკავშირებით აზრები ორად იყოფა როგორც ოპოზიციაში, ასევე არასამთავრობო სექტორში. მათი ნაწილი პროცესს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს.

დღის ამბები