09 დეკემბერი 2021,   14:20
ვრცლად
პარლამენტმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა

პარლამენტმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა.

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ქეთევან მესხიშვილის (4 მომხრე, 2 წინააღმდეგი), ეკა ზარნაძის (5 მომხრე, 6 წინააღმდეგი) და გიორგი შავლიაშვილის (3 მომხრე, 7 წინააღმდეგი) კანდიდატურები ჩააგდეს.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს.

"ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. აქ ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ კეთილ სინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებზე და სწორედ ამაზე დაყრდნობით მივიღეთ შესაბამისი გადწყვეტილება. 9 კანდიდატიდან საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ 6 აირჩია, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომას, ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია "მოქალაქეები", "ევროპელი სოციალისტები" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები ესწრებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანის თქმით, ეს პროცესი საერთოდ არ უნდა შემდგარიყო.

"ეროვნულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ორ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ეკა ზარნაძეს და ქეთევან მესხიშვილს. მე ზოგადად მიმაჩნდა, რომ ეს პროცესი არ იყო საერთოდ განსახილველი და არ უნდა შემდგარიყო მაგრამ პარლამენტმა მაინც მოუსმინა ამ მოსამართლეებს და ამ მოსამართლეებში არიან ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ თქვენს მხარდაჭერას კოლეგებო. იმიტომ, რომ მათ სახელთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი საქმე წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული გადაწყვეტილებები,"- აცხადებს ლევან იოსელიანი. 

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდა. 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ მათთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს და სახალხო დამცველის აპარატს.

დღის ამბები