09 დეკემბერი 2021,   14:24
ვრცლად
პარლამენტი ხვალ კიდევ ერთხელ უყრის კენჭს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატებს

პარლამენტი ხვალ კიდევ ერთხელ უყრის კენჭს კანდიდატებს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების პოსტზე.

რიგგარეშე სხდომა უკვე დანიშნულია. დეპუტატებს დამატებით 3 ცდა აქვთ. თუ 100 ხმა ისევ ვერ შეგროვდება, კანონის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვით აირჩევენ, ამისთვის კი 76 ხმა საკმარისია.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" მისთვის სასურველს კანდიდატს აირჩევს, თუმცა ცესკოს თავმჯდომარე საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებს და უწყების ხელმძღვანელს საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ 6 თვით აირჩევს. 

ანალოგიურად ფიქრობს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე. იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისეთი კანდიდატი წარადგინა, რომელსაც მხარდაჭერა არ ექნებოდა და მას მხოლოდ 6 თვით დანიშნავდნენ. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის 6 თვით არჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებისთვის სჭირდება.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართული ოცნების"განცხადებით, ოპოზიციის პროტესტი, რომ ცესკოში მომუშავე ადამიანს არ აქვს უფლება გახდეს თავმჯდომარე ან წევრი, არაობიექტურია.

დღის ამბები