04 აგვისტო 2021,   21:13
ვრცლად
ორმაგი მკვლელობა მარნეულში და 2 დაჭრილი - ქალი, რომელიც ოჯახურ ძალადობას გაექცა, მამასთან ერთად მოკლეს

საბედისწერო გასროლა მარნეულში 27 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი გახდა. არსებული ინფორმაციით, გიულუსტან პილიევას თავის არეში ტყვია საკუთარი სახლის ეზოში ყოფილმა მეუღლემ ესროლა.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარი მამის დაცვა სცადა და მისთვის განკუთვნილ ტყვიას გადაეფარა, თუმცა, მამის გადარჩენა ვერ შეძლო; ყოფილი სიმამრის მიმართულებით ერთი გასროლის შემდეგ კი 29 წლის ელჩინ ალიევმა უკვე ყოფილ ცოლს ესროლა.

"კურიერის" ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ყოფილი მეუღლის მკვლელობის შემდეგ მის გვამს მანქანით გადაუარა. მოკლული ქალი ქმარს რამდენიმე თვის წინ გაშორდა, მიზეზი კი ოჯახური ძალადობა იყო.

სასტიკ მკვლელობას თვითმხილველებიც ჰყავს. მოტივები მათთვის უცნობია.

ტყვია მოხვდათ სროლის ხმაზე ეზოში გამოსულ ყოფილ სიდედრსა და ცოლის ძმასაც. კიდურების არეში დაჭრილი დედა-შვილის გადარჩენა ამბულატორიული ჩარევით მოხერხდა.

2 მკვლელობისა და 2 დაჭრის შემდეგ, ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ის პოლიციამ რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

მამაკაცის დაკავებით სოფელ ზემო სარალში დაპირისპირება არ ამოწურულა. მოკლული მამა შვილის ახლობლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავებული ელჩინ ალიევის მამას მიაყენეს. საკუთარ სახლში შუახნის მამაკაცს მეზობლები, მათ შორის, ნიჩბებით გაუსწორდნენ, დაზიანებულია მათი ქონებაც. მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს.

მარნეულში განვითარებულ მოვლენებს საგამოძიებო უწყებამ მსვლელობა რამდენიმე მიმართულებით მისცა. განზრახ მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილთან ერთად, დაკავებულები არიან გარდაცვლილების ახლობლებიც. ამ შემთხვევაში, მათ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. ჯერ კიდევ უცნობია, აღიარებს თუ არა მძიმე ბრალს 29 წლის ელჩინ ალიევი.

დღის ამბები