18 სექტემბერი 2021,   20:07
ვრცლად
"მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას" - ირაკლი ღარიბაშვილი საჩუქრად გამოგზავნილი Pfizer-ის ვაქცინაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Pfizer-ის ვაქცინის საქართველოსთვის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, აშშ-ს მთავრობას და ამერიკელ ხალხს.

პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში, რათა დაიცვან საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა.

"ქალბატონო ელჩო, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის სახელით და ჩვენი ხალხის სახელით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა Pfizer-ი დღეს საქართველოშია.

ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობასთან დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს.

მინდა ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს მანამდე, კოვიდპანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის, Pfizer-ის  ვაქცინის მოწოდებისთვის. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ 1 მილიონი დოზა Pfizer-ი გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებლებისგან, Pfizer-ის  კომპანიისგან, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში. კიდევ ერთხელ მე მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველა ავიცრათ. დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები