20 იანვარი 2022,   03:04
ვრცლად
"ქართული ოცნება" შარლ მიშელის ხელშეკრულებას ანულირებულად აცხადებს

"ქართული ოცნება" შარლ მიშელის ხელშეკრულებას ანულირებულად აცხადებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა.

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის  შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის

დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ.

ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

ამ ვითარებაში, "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება," - განაცხადა კობახიძემ. 

დღის ამბები