28 სექტემბერი 2021,   22:56
ვრცლად
გეუბნებით ორივეს, "ოცნებასაც" და ნაცმოძრაობასაც, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას და ჩვენი მოქალაქეების ბედით თამაშს - ბექა ლილუაშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" და ენმ დღეს ერთი ინტერესით მოქმედებენ.

გიორგი გახარიას თანაგუნდელის შეფასებით, დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს ინტერესები და ქვეყნის მომავალი განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და მოქალაქეთა ნებით, არამედ მმართველი პარტიის ნება-სურვილით.

"დღეს ხელისუფლებამ გვითხრა, რომ სახელმწიფო ინტერესები, ქვეყნის მომავალი განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და საქართველოს მოქალაქეების ნებით, არამედ, მმართველი პარტიის ნება-სურვილით!

დღეს მმართველმა პარტიამ გვამცნო, რომ თურმე  მათთვის მთავარია მელიასა და რურუას თავისუფლება. მთავარია ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში ბრალდებული ადამიანი მერობის კანდიდატია, რითაც არჩევნებისთვის მტრის ხატი შექმნილია, ხოლო სხვა საჭიროებას ხელისუფლება თურმე 19 აპრილის შეთანხმებაში ვერ ხედავს. ეს გადაწყვეტილება დღეს არის კიდევ ერთი აღიარება, რომ ისინი არიან უკიდურესად შეშინებულები.

ნაცმოძრაობამ თავის მხრივ დაადასტურა, რომ მათ არ მოაწერეს 19 აპრილის შეთანხმებას ხელი, რადგან ეს აწყობდა მმართველ პარტიას და სჭირდებოდა მას საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა!

აი, ამ პოლიტიკურ თაღლითობას უპირისპირებენ ისინი თავიანთ შიდა პარტიული კვლევების მათთვის დრამატულ შედეგებს, რეალობას, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება და ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე თავიანთი ვიწრო პარტიულ ინტერესს აყენებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა.

ჩვენ კი, პარტია „საქართველოსთვის“ გეუბნებით, ორივეს, ქართულ ოცნებასაც და ნაცმოძრაობასაც, თქვენ დღეს საერთო ინტერესებით მოქმედებთ და ეს ყველასთვის ნათელია, მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას  და გეყოთ სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ბედით თამაში!

ჩვენს ხალხს კი, ვეტყვით - ჩვენ თქვენთან ერთად კიდევ უფრო ვძლიერდებით მათი ამგვარი ქმედებებით. ჩვენ მივუყვებით ჩვენი პარტიული მშენებლობის გეგმას, ვხვდებით ჩვენს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს ქვეყნის მასშტაბით, ენი მხარდაჭერა დიდი და მზარდია და სწორედ ამ მოქალაქეებთან ერთად გვექნება შთამბეჭდავი შედეგი თვითმმართველობის არჩევნებზე, შემდეგ კი შევცვლით ხელისუფლებას“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები