18 სექტემბერი 2021,   21:03
ვრცლად
ეპიდემიოლოგიური ვითარება და იმუნიზაციის პროცესი - პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარმართვისთვის დამატებითი სივრცეებისა და ამცრელი ბრიგადების მობილიზების აუცილებლობას და ამ პროცესში კლინიკების მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს.

შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი თემა იყო დამატებითი საწოლფონდის გამოყოფის კუთხით კლინიკებში არსებული რესურსები. ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სექტორის მჭიდრო კოორდინაცია და ხელისუფლება მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კლინიკებს, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა ეფექტურად გაგრძელდეს.

"ადმინისტრაციის კონცეფცია არის, რომ არ მოხდეს ჩაკეტვები და რაღაცნაირად, ეს ორი რაღაც ერთმანეთში შევუსაბამოთ. მთავარი, რა თქმა უნდა, არის აცრები. აცრები ძალიან მნიშვნელოვნად ამცირებს გადადების შანსს და რისკს. ამიტომ, დავითვალეთ რამდენი ასაცრელი კაბინეტი იყო, ერთად შევთანხმდით რამდენი გვჭირდება. შესაძლებელია, ცოტა დავამატოთ თბილისში, იმიტომ რომ მოთხოვნა დიდია და მიწოდება არ არის იმდენი,“ - აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია. 

დღის ამბები